დღის 21:00 საათისთვის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ორგანიზაციას შეუძლია განაცხადოს, რომ კენჭისყრის პროცედურები მთელ რიგ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა. დღის განმავლობაში დაძაბული ატმოსფერო იყო, რაც გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობებზე. ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით არსებული პრობლემები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი წამყვანი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, რომელიც პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულებას შეუძლებელს ხდიდა.
ძირითადად, დარღვევები შეეხო ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას, მედიის საქმიანობის ხელშეშლას, უბანზე არარეგისტრირებული პირების მიერ ხმის მიცემას, მარკირების წესების დარღვევას და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებს.
ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 76 საჩივარი, აქედან 43 – უბნის, ხოლო 33 – ოლქის დონეზე.
18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები შედარებით ვრცლად:
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები:
- ქარელის #30 და #18, ხაშურის #21 და #39 საიას დამკვირვებლებმა აღრიცხეს ამომრჩევლებისთვის თანხის ხელიდან ხელში გადაცემის შემთხვევები. ზოგ შემთხვევაში ეს ხდებოდა კენჭისყრის ოთახის მიმდებარედ არსებულ შენობაში, ზოგ შემთხვევაში იქვე გაჩერებული ავტომანქანიდან. თანხას ამომრჩეველებს გადასცემდნენ საარჩევნო უბანის დატოვების შემდეგ. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თანხის გადაცემაში სავარაუდოდ ქართულ ოცნების მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.
დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა:
- სამგორის ოლქში საიას მობილური დამკვირვებელი, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანზე აკვირდებოდა კენჭისყრის პროცედურებს. მას შემდეგ რაც დამკვირვებელმა დააფქსირა დარღვევა მედიასაშუალება newpost-ის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების შესახებ, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეუქმნეს მტრული გარემო ყველა იმ უბანში სადაც დარღვევის დაფიქსირების შემდეგ შევიდა. ამან არსებითად შეაფერხა ორგანიზაციის მუშაობა ამ ნაწილში. ამავდროულად მედიასაშუალება newpost აგრძელებდა კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკას.
- მარნეულის #10 უბანში საიას დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და არ მისცეს საჩივრის დარეგისტრირების უფლება;
ჟურნალისტისთვის საქმიანობის განხორციელების ხელშეშლა:
- ჟურნალისტებისთვის საქმიანობის განხორციელების ფაქტები დაფიქსირდა გლდანში, საარჩევნო უბნების მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსებთან უცნობი პირები ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს გადაღებაში და მოუწოდებდნენ შეეწყვიტათ გადაღება. თელავის N38 საარჩევნო უბანზე (სოფ. ყარაჯალა) TV პირველის ჟურნალისტები არ დაუშვეს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ მოუწევდათ გამოკითხვაზე მისვლა იმის გამო, რომ ისინი ხელს უშლიდნენ კომისიას მუშაობაში.
მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა:
- მარტვილის #29 უბანში ნაკადის მომწესრიგებლის მიერ არ ხდებოდა მარკირების შემოწმება;
- გორის #20 უბანში მარკირება გაუკეთეს პირს რომელიც არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი რის შემდეგაც თავად კომისიის წევრებმა გადაიყვანეს გვერდზე მდებარე უბანში სადაც მისცა ხმა;
- მარნეულის #10 უბანში საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს მარკირების გარეშე უშვებენ, რაზეც საიმა საჩვრები დაწერა;
- გარდაბნის #21 უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ისე უბანზე მისვლით. საიამ დაწერა საჩივარი უბნის და ოლქის დონეზე;
- კასპის #29 უბანში ამომრჩეველმა მისცა ხმა, რომელიც არ იყო 29-ე უბანზე რეგისტრირებული.
გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები:
- ზუგდიდის #47 უბანში გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნებისას გამოყენებული და დარჩენილი ბიულეტენების რაოდენობა არ შეესაბამებოდა წაღებული ბიულეტენების რაოდენობას. ჯამში იყო ერთით ნაკლებობა.
- მარტვილის #19 უბანზე გამოცხადებისას დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიის წევრებს გადაეცათ სულ 45-45 საარჩევნო ბიულეტენი. როგორც მაჟორიტარული ასევე პროპორციული. საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმა მისცა 41-მა ამომრჩეველმა. უბანზე კი დაბრუნდა სამ-სამი გაფუჭებული ბიულეტენი, შესაბამისად დაიკარგა ერთი მაჟორიტარული და ერთი პროპორციული ბიულეტენი;
- შუახევის #1 უბანში გადასატანი ყუთი შემოიტანეს დაულუქავი, საიას დამკვირვებლის მიერ საჩივრის წერის დროს ყუთი გაიტანეს უბნის გარეთ და შემოიტანეს უკვე დალუქული სახით.