ავტორი: ეკატერინე ბასილაია
თაბორის მთის განაშენიანება, საქანელას ქუჩის პროექტი, ბიზნესცენტრი სოლოლაკის ქედზე, ალავერდის ტერიტორიაზე მშენებლობის სურვილი… – ეს ის კონკრეტული პრობლემური პროექტებია, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ინტერესებს ეწირება კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ხარჯზე, – რა მდგომარეობაშია კულტურული მემკვიდრეობა და როგორია სახელმწიფო პოლიტიკა, სწორედ ამ თემასა და კონკრეტულ ქეისებზე, “ღია საზოგადოების ფონდის” ორგანიზებით, დისკუსია გაიმართა.
როგორც დისკუსიაზე ითქვა, თბილისის ისტორიული ლანდშაფტი ქაოტურ განაშენიანებას ყოველდღიურად ეწირება. პოლიტიკური ნება მთლიანად ორიენტირებულია იმაზე, რომ განაშენიანების მიმართულებით პრივილეგირებული დეველოპერების ინტერესს მოემსახუროს, თუნდაც ეს ხდებოდეს საჯარო ინტერესის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საწინააღმდეგოდ.
“ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენლის, ანანო ცინცაბაძის თქმით, ხელისუფლებები იცვლება, თუმცა, ქაოტური განაშენიანების პრობლემები გადაუჭრელ საკითხად რჩება. მთავარი პრობლემა კი პოლიტიკური ნების არარსებობაა, რის გამოც არ შეიქმნა სათანადო სისტემა, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეზე დაიცავს.
“პოლიტიკური ნება მთლიანადაა ორიენტირებული იმაზე, რომ განაშენიანების მიმართულებით პრივილეგირებული დეველოპერების ინტერესს მოემსახუროს, თუნდაც ეს ხდებოდეს საჯარო ინტერესის, ანუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საწინააღმდეგოდ. ამ პოლიტიკის შედეგების დასანახად კონკრეტულ მაგალითებს გამოვყოფ, როგორიცაა “პანორამა თბილისი”, რომელიც, დიდი ბრძოლის მიუხედავად, მაინც მივიღეთ, ახლა ესაა საქანელას ქუჩა, ბიზნესცენტრი სოლოლაკის ქედზე, თაბორის მთის განაშენიანება და ა.შ. ასევე, ძალიან პრობლემურია “ალავერდის პროექტი”, სადაც ტაძრის გვერდით მშენებლობა ასევე კანონის დარღვევით იგეგმება”, – განაცხადა ანანო ცინცაბაძემ.
თაბორის მთის განაშენიანების პროექტი – მიწა “ოცნების” შემომწირველს აკრძალულ ზონაში
ფონდში ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული მიწის ნაკვეთი ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, “კრწანისი როიალ რეზიდენსის” დირექტორს, მმართველი პარტიის შემომწირველს, ნოშრევან ნამორაძეს გადასცეს. თბილისის მერიამ, მიმდინარე წლის იანვარში, თაბორის მთის მიმდებარედ არსებული 2 მილიონი კვადრატული მეტრი მუნიციპალური მიწა სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა. ახლა კი უწყება აპირებს, ეს მიწა გაასხვისოს ნამორაძეზე, რომელსაც აქ “კრწანისი ვილა რეზიდენსის” მსგავსი მინიქალაქის დაარსება სურს.
“ირკვევა, რომ ბიზნესმენი ნამორაძე ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაინტერესდა თაბორის მთაზე არსებული მიწის ნაკვეთით. “ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველი გეგმავს, ააშენოს “კრწანისი ვილა რეზიდენსის” მსგავსი პროექტი სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც განაშენიანება კანონითაა აკრძალული და კიდევ ერთი მასიური განაშენიანებით შემოვიდეს ისედაც დაზიანებული თბილისის ლანდშაფტის დაცვის ზონაში. მერიიდან მივიღეთ მხოლოდ საჯარო ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ მერიას არ გამოუკვლევია საქმესთან კავშირში მყოფი ძირითადი გარემოებები და ძალიან ზედაპირულ არგუმენტებს დააყრდნო თავისი გადაწყვეტილება, ეკონომიკის სამინისტროსთვის გასაყიდად გასატანად გადაეცა მუნიციპალური, ჩემი და თქვენი ტერიტორია”, – აცხადებს ცინცაბაძე.
საქანელას ქუჩის პროექტი – კიდევ ერთი პრობლემური იდეა თბილისში
ჯერ კიდევ 2019 წელს “სილქ როუდ ჯგუფმა” თბილისში, მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის) ქუჩის მიმდებარედ, საქანელას ქუჩაზე, მრავალფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობა გადაწყვიტა. სწორედ “სილქ როუდ ჯგუფის” სატელეკომუნიკაციო ბიზნესია „სილქნეტი“, რომელიც საქანელას ქუჩაზე მიწის ნაკვეთებს ფლობს.
ამ ქუჩაზე, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიუყვება, დაგეგმილია 25, 12 და 4,5-სართულიანი შენობების ჩადგმა, რაც დარგის ექსპერტებს კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ. 2019 წლიდან პროექტი სამჯერ შეიცვალა, თუმცა, არსებითი ცვლილებები არ მომხდარა. ამის მიუხედავად, მან თბილისის მერიაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსგან დადებითი რეკომენდაცია მაინც მიიღო.
“საქანელას პროექტთან” დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დარგის სპეციალისტებმა თბილისის მერიასა და საკრებულოს ღია წერილითაც მიმართეს და მოითხოვეს, შეიქმნას სპეციალური ჩარჩო-გეგმა ამ ტერიტორიისთვის, რომელიც ინვესტორს გარკვეულ რეგულაციებს დაუდგენს და გაუქმდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც საქანელას ქუჩაზე მერიამ შეითანხმა. მერია, ცხადია, დუმს.
თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრია ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელიც, რომელმაც განხილვაზე პროექტს, საბჭოს სხვა ორ წევრთან ერთად, მხარი არ დაუჭირა, თუმცა, მერიის ჩინოსნების ხმებით, ის მაინც გავიდა. ამაშუკელი ფიქრობს, რომ სანაპიროს ქუჩის ამგვარი განაშენიანებით საბოლოოდ დედაქალაქი მაღალსრთულიანი ბეტონის კორპუსებში ჩაწოლილ მტკვარს მიიღებს, რაც პრობლემურია.
“საქანელას პროექტის განხორციელების შემთხვევაში თბილისის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს ხედვითი დერეფნები შეიძლება მთლიანად დაიხუროს. დომინოს პრინციპით წავა პროცესი. ვიცით, რომ სანაპიროზე უკვე გაყიდულია დიდი მიწის ნაკვეთები, ყოფილი ნარკოლოგიური, სასწრაფოების ტერიტორია. ყველაგან მაღალსართულიანი ობიექტების მშენებლობა დაიწყება. თუკი საქანელას პროექტს დავუშვებთ, ვეღარ ვიტყვით უარს იქვე სხვა მშენებლობებზე და ამ შემთხვევაში მივიღებთ მტკვრის გასწვრივ ორ დიდ კედელს. მაღალსართულიანი ბეტონის კორპუსებში ჩაწოლილ მტკვარს მივიღებთ. სავარაუდოდ, საქანელას პროექტი ნებართვას მიიღებს. თუკი ისტორიულ ზონაში მაღალსართულიანი მშენებლობები არ შეიძლება, ეს პროექტი როგორ უნდა გამართლდეს, არ მესმის. ჩვენ ვკარგავთ მთავარს, იმ მახასიათებლებს, არც თბილისს აქვს. ლანდშაფტის დაცვის ზონა დავკარგეთ, ახლა ვკარგავთ სანაპიროს გასწვრივ არსებულ არეალებს. გამოდის, რომ ქალაქი აბსოლუტურად იცვლის თავის მახასიათებლებს, რაც დამღუპველია ამ ქალაქისთვის. რამდენი რეაბილიტაციაც არ უნდა ჩავატაროთ, ქალაქის მთლიანობა დაიკარგება”, – ამბობს თამარა ამაშუკელი.
თბილისის ლანდშაფტის, როგორც მთავარ ისტორიულ ღირებულებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა “იკომოს საქართველოს” წარმომადგენელმა, რესტავრატორმა ნატო ცინცაბაძემ.
„თბილისის ისტორიული ნაწილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ღირებულება ეს მთისა და კლდის მდებარეობა და მერე უკვე ამ რელიეფზე განვითარებული ტერასული დასახლებაა. ამის გამო იყო, რომ 1985 წელს გაჩნდა ლანდშაფტის დაცვის ზონა. 1920-იანი წლებიდან იწყება თბილისის, როგორც ნაკრძალის, სამუზეუმო ექსპონანტის ხსენება ქალაქგეგმარებით დოკუმენტებში. 1985 წელს ფართოვდება დაცვის ზონის არეალი და შედის უკვე მარცხენა სანაპირო და გარეთუბანი, როგორც ღირებულება. საინტერესოა, რომ გარეთუბანიც გაუყვა მთაწმინდის ქედს და კიდევ ახალი საკრალური ხედები შემოვიდა თბილისის ისტორიული ნაწილის მნიშვნელობად და ფასეულობად და გაჩნდა დაცვის ზონა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როდესაც გვეგონა, რომ ამ საკითხზე გვქონდა კონსენსუსი, დაიწყო ის, რასაც არ ველოდით, დაიწყო აბსოლუტური უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქალაქის ისტორიული ნაწილის მიმართ და რაც მთავარია, ლანდშაფტის ზონის მიმართ, რომელიც შემოიფარგლება თაბორის მთის, მთაწმინდისა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიებით”, – ამბობს ცინცაბაძე.
ცინცაბაძე ამბობს, რომ კულტურის სამინისტრო თბილისის ისტორიულ ნაწილზე პასუხისმგებლობას არ იღებს, მუნიციპალიტეტი კი ამ უნიკალური ღირებულების მქონე ისტორიულ ნაწილს ყოველგვარი პროფესიული რესურსის გარეშე მართავს.
“დღეს თბილისში ნათლად ჩანს უკონტროლო განაშენიანება, ეს საშინელება ხდება მთელ საქართველოში. მაგალითად, სააგენტოს საბჭოზე გაიტანეს ალავერდის ტაძრის გვერდით მშენებლობის საკითხი. ალავერდი უნიკალური ისტორიული ძეგლია, მისი მდებარეობა ალაზნის ველზე უნიკალურია, იქ მშენებლობა არ შეიძლება, თუმცა, ეს საკითხი უკვე დაისვა. ამას გავუმკლავდებით თუ არა, არ ვიცი”, – ამბობს ცინცაბაძე.
ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი მთავარ პრობლემად პოლიტიკური ნების არარსებობას ასახელებს. მისი თქმით, უნდა არსებობდეს გარკვეული ჩარჩო, რომელიც თამაშის წესებს მოხაზავს, მაგრამ ამ ჩარჩოს შექმნას ეწინააღმდეგება ყველა ხელისუფლება.
“ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი კანონი, რომელიც ძალიან დიდი ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა. მაგალითად, არის მუხლი, რომელიც მოცულობის ცვლილებას უშვებს. წერია, რომ შესაძლებელია ძეგლის ცვლილება, თუ ის არ უშლის ხელს მის დაფასებას და ინტერპრეტირებას, რაც სუბიექტური შეფასებაა, რის გამოც ხელები გვაქვს შეკრულები. ამ მუხლით მოხდა თუნდაც ის უტოპიური გადაწყვეტილება, რომელიც ბათუმის ბულვარს ეხება. ბათუმის ბულვარი არის ბაღი და მისი მოცულობის გაზრდად განიხილეს 20-სართულიანი შენობის აშენება. ამ კომიკურ პირობებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ კანონი არ გვაქვს. ერთადერთი ნაწილი, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა, ესაა ლანდშაფტის დაცვის ზონა, სადაც წერია, რომ ლანდშაფტის დაცვის ზონაში მშენებლობა არ შეიძლება. თუმცა, ამ პირობებშიც კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლანდშაფტის დაცვის ზონაც არ გვაქვს, იმიტომ, რომ თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ყველა სხდომაზე შემოდის ახალ-ახალი ობიექტები ლანდშაფტის დაცვის ზონაში ნებართვების აღებაზე და ამ ნებართვებს იღებენ”, – ამბობს ამაშუკელი.
ის ამბობს, რომ დედაქალაქის მერიას შესთავაზეს, დაკორექტირებულიყო ლანდშაფტის დაცვის ზონის საზღვრები და ეს დაკორექტირებული საზღვრები მკაცრად დაცულიყო, მაგრამ მერიამ ამაზეც უარი თქვა.
“საზღვრების დაკორექტირება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ რა უნდა უყონ “პანორამა თბილისს”, რომელიც ლანდშაფტის გულშია? იმას ვერავინ ამოჭრის. ერთადერთი გამოსავალი იყო, მისთვის შეუსაბამო მშენებლობის სტატუსის დადება მომხდარიყო, მაგრამ ეს რომ არ მოხდებოდა ამ ხელისუფლების პირობებში, ეს გასაგებია”, – აცხადებს ამაშუკელი.
მისივე თქმით, ერთადერთი ორგანო, რომელიც თბილისის კულტურული მემკვიდრეობის მართვის საკითხზე მუშაობს, ეს არის თბილისის განვითარების ფონდი, თუმცა, ეს უწყებაც არაეფექტურად მუშაობს.
“ეს ორგანიზაცია, რომელიც თბილისის ისტორიულ ზონაში რეაბილიტაციებს მართავს, რეალურად “პრარაბებად” იქცნენ. ამ უწყებამ 2015 წელს შექმნა კონცეფცია, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. გარდა იმისა, რომ დღესაც ამ კონცეფციით ხელმძღვანელობენ, იქ ჩამოწერილი ძეგლები უმძიმეს მდგომარეობაშია და ეს სიაც თაროზეა შემოდებული. არავინ იცის, რა სტრატეგიის მიხედვით ვითარდება თბილისი, ვინ ადგენს რიგითობას, რომელი ძეგლის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს ჯერ. ყველაფერი სუბიექტურ სურვილებზეა აწყობილი”, – ამბობს თამარა ამაშუკელი.
https://www.facebook.com/OpenSocietyGeorgiaFoundation/videos/719394665751105
დარგის სპეციალისტები ყველაზე მეტად იმაზე სწუხან, რომ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციას ვერ ახერხებენ კულტურის სამინისტროსთან – უწყებასთან, რომელმაც უნდა შეიმუშაოს და პასუხისმგებლობა აიღოს კულტურის სფეროს რეალურ მართვაზე.
კულტურის პოლიტიკის მკვლევარის, სოფო კილასონიას თქმით, ყველაზე მთავარი პრობლემაა ის, რომ კულტურის სექტორის მართვის თვალსაზრისით სახელმწიფოს არ აქვს საკუთარი ხედვა და სტრატეგია. ის ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს სპეციალისტებთან ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს, არ იღებს არანაირ რჩევას. “თუკი ტოტალიტარულ რეჟიმში კულტურა აძლიერებდა მმართველობას, დემოკრატიულ გარემოში კულტურამ უნდა გააძლიეროს საზოგადოება. ვის აძლიერებს დღეს კულტურის პოლიტიკა და კულტურის სამინისტრო? ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროფესიონალ საზოგადოეას და უბრალოდ, საზოგადოებას, რომელიც კულტურის სექტორის მომხმარებელი უნდა იყოს და რომელიც უნდა ძლიერდებოდეს ამ სექტორის დახმარებით, ეს საზოგადოება ისეა გათიშული ამ სფეროსგან, როგორც არასდროს”, – აცხადებს კილასონია.
“კანონი ჩვენ ვერ გვიცავს, იმიტომ, რომ ის უზარმაზარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. სადაც კანონი გვიცავს, იმის აღსრულება არ ხდება, იმიტომ, რომ სასამართლო არ გვაქვს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ადმინისტრირების სისტემა არ აქვს, კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგი არ არსებობს და მონიტორინგს სოციალური ქსელი აწარმოებს. სოციალური ქსელში დაწერილი პოსტის შემდეგ იგებს ძეგლთა დაცვის სააგენტო და ხშირად მერიაც, რომ რაღაც ირღვევა. მაგალითად, თბილისის მერიამ ასე შეიტყო კაკაბაძეების ქუჩაზე ერთი სართულის დამატების შესახებ, ასევე, ბარათაშვილის ქუჩაზე ერთი სართულის დამატების შესახებ, ასევე, ძეგლთა დაცვის სააგენტომ – ყინწვისში მეტლახის დაგების შესახებ”,- ამბობს თამარა ამაშუკელი.