ზუგდიდის მე-80 საარჩევნო უბანზე, ფიზიკური დაპირისპირებისას, „ნაცმოძრაობის” აქტივისტმა დაზიანებები მიიღო

384

ზუგდიდის მე-80 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტმა.

როგორც წითლიძემ განაცხადა, 80-ე უბანზე მისულს მერიის თანამშრომელთან ერთად ე.წ. ძველი ბიჭი დახვდა, რა დროსაც იკითხა უბანზე არსებული ვითარების შესახებ. წითლიძის თქმით, დაპირისპირება ამის შემდეგ მოხდა. მისივე განმარტებით, მერიის თანამშრომელი და ზუგდიდის ე.წ. მაყურებელი ერთად აორგანიზებდნენ, „როგორ უნდა დაეშინებინათ „ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერები”.

„მივიღე ინფორმაცია, რომ დღეს, მთელი დღის განმავლობაში ქალბატონი ე.წ. ბეიჯის გარეშე შედიოდა უბანზე და რაღაცებს აკონტროლებდა. არაერთხელ მითხრეს ამის შესახებ. გადასამოწმებლად მოვედი, სადაც დამხვდა ეს ქალბატონი. მასთან ერთად ასევე დამხვდა მერიის თანამშრომელი დათო ხუნჯუა. ხუნჯუასთან ერთად ასევე დამხვდა ზუგდიდის ე.წ მაყურებელი ლევან შონია. მას ყველა იცნობს, რომელთანაც ვცადე გარკვევა, თუ რა უნდოდათ ამ უბანზე და საერთოდ რა მოხდა. ეს ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზარდეს. დაზიანება მიიღო ჩვენმა აქტივისტმა. ამათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ და არჩევნები გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოიგო”, – განაცხადა ანი წითლიძემ.

რაც შეეხება ქალს, რომელიც, წითლიძის თქმით, უბანზე ე.წ. ბეიჯის გარეშე შევიდა და მცდელობა ჰქონდა, რომ წვდომა ჰქონოდა საარჩევნო სიებთან, ამაში მას ხელი შეუშალეს და უკან გამოაბრუნეს.