კაპანაძე: ჩვენს ქალ წარმომადგენელს გლდანის საოლქოში, მუცელზე დაადო იარაღი “ოცნების” წარმომადგენელმა

387

“ევროპული საქართველოს” ლიდერი სერგი კაპანაძე გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, საოლქო უბანში მომუშავე ევროპული საქართველოს წარმომადგენელს მუცელზე იარაღი დაადო.

მისი განცხადებით, ქართული ოცნება სრულ აგონიაშია, ამას კი მათი წარმომადგენლების ქმედებებიც მოწმობს.

“დარღვევები, რომლებიც ვნახეთ საკმაოდ შემაშფოთებელია. ძალადობა და იარაღის დადება, რომელიც გლდანში მოხდა, ჩვენს ქალ წარმომადგენელს საოლქოში, მუცელზე დაადო იარაღი ქართული ოცნების წარმომადგენელმა. ასეთ დონეზე უჭირთ, ეს არის აგონია ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ის საზოგადოებას საარჩევნო უბნებზე მისვლისა და ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილა არჩევნებზე, მივიდნენ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. ეს არის გარანტია იმისა, რომ ივანიშვილი პირველ ტურში დამარცხდება და ვერაფერს ცუდს ვეღარ მოახერხებს პირველიდან მეორე ტურამდე. ევროპული საქართველოს დამკვირვებლები არ დაუშვებენ, რომ თქვენს მიერ დაფიქსირებული ხმა დაიკარგოს”, – აცხადებს კაპანაძე.

ევროპული საქართველოს წევრის განცხადებით, ქართულ ოცნებას გეგმა ჰქონდა, რომ თუ მეორე ტურში გამარჯვება დასჭირდებოდა, ორშაბათიდან ქვეყანაში ე.წ. ლოქდაუნი გამოეცხადებინა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გლდანის 79-ე და მე-80 საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გლდანის 79-ე უბანთან თავს დაესხნენ პუბლიკას ჟურნალისტს, ტვ პირველის რეპორტიორმა კი ფიზიკური დაზიანება მიიღო. სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაპირისპირებაში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ,

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, გლდანში, 79-ე და 80-ე საარჩევნო უბნებზე მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს.

როგორც სირაძემ აღნიშნა, მათი დაკავება ადმინისტრაციულ წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით მოხდა.