დღის 18:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.
ძირითადად, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას.
ზოგადი ტენდენციის სახით შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო პირთა დიდი რაოდენობით მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ძლადობრივ ქმედებებს. რაც ხელს უშლის და საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის მშვიდ და კანონის ფარგლებში ჩატარებას.
ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა ჯამში 64 საჩივარი, აქედან 37 უბნის, ხოლო 27 ოლქის დონეზე.
14:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები შედარებით ვრცლად:
დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა:
- სამტრედიაში #51 და თელავის #5 უბანზე საიას დამკვირვებლები უსაფუძვლოდ გამოაძევეს უბნიდან და არ მიეცა დაკვირვების შესაძლებლობა (ორივე შემთხვევა გასაჩივრებულია);
- სამტრედიაში #95 უბანზე საიას დამკვირვებელს არ მიცეს საშუალება გაცნობოდა ჩანაწერთა წიგნში არსებულ ინფორმაციას და შენიშვნა დაეფიქსირებინა მასში. საიმა ამ ფაქტზე საჩივარი დაწერა როგორც უბნის ასევე ოლქის დონეზე;
ამომრჩევლის ნების კონტროლი:
- საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში, №42 უბანზე, გრძელდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები. როდესაც, ერთი და იგივე პირი რომელიც დაფიქსირებულია წინა განცხადებაში, ამომრჩევლებთან ერთად შედის კაბინაში და აძლევს ხმას მათ ნაცვლად. საია დარღვევას საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩვრებს;
- ამომრჩეველთა ნების კონტროლის ფაქტები დაფიქსირდა უბნის შიგნით, კერძოდ: დმანისის #19 უბანზე ამომრჩევლები შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდნენ დამკვირვებლებს, რომლებიც აწარმოებდნენ ამ ინფორმაციის აღრიცხვას. ფაქტზე საიამ დაწერა საჩივარი; დუშეთის #9 უბანზე ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი ინიშნავს მოსული ამომრჩევლების მონაცემებს;
- გლდანის #79 და #84 უბნებში გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა ნების კონტროლის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოუწოდებენ „კოორდინატორებს“ უზრუნველყონ წინასწარ განსაზღვრული პირების მოყვანა საარჩევნო უბანში; რუსთავის #74 და #75 უბნებზე ასევე მობილიზებულები არიან კოორდინატორები, რომლებიც ახდენენ მოსული ამომრჩევლის იდენტიფიცირებას;
მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა:
- მარნეულის #7 უბანზე მარკირებული ამომრჩეველი მეორედ შევიდა უბანზე და მეორედ მისცა ხმა;
ფარულობის პრინციპის დარღვევა:
- მარნეულის #10 უბანზე კაბინები იმგვარად არის განლაგებული რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დაფიქსირება.
არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა:
- ბაღდათის #2, თეთრიწყაროს #21 და გლდანის #80 უბანზე ამომრჩეველს უფლება მისცეს ხმა მეცა არასათანადო დოკუმენტაციის, კერძოდ მართვის მოწმობის მეშვეობით.
ძალადობის შემთხვევები საარჩევნო უბანზე:
- გლდანის ოლქის N79 საარჩევნო უბანთან „პუბლიკის“ ჟურნალისტს უბნის პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირი მედიის სხვა წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდა და მათი მისამართით საჯაროდ იგინებოდა. ამავე უბანთან მიმდინარე დაპირისპირების დროს, სახის არეში დაზიანება მიიღო TV პირველის ჟურნალისტმა ანა ახალაიამაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ნივთის დაზიანების (სსკ-ის 187-ე მუხლი) კვალიფიკაციით, რაც წარმოადგენს არასრულყოფილ კვალიფიკაციას, რადგან გამოძიება უნდა დაწყებულიყო სსკ-ის 126-ე (ძალადობა) და 154-ე მუხლებითაც (ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა). საია მოუწოდებს შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებისას;
- ამავე ტერიტორიაზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დამკვირვებლები. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაპირისპირების ერთი მხარე სავარაუდოდ ქართული ოცნებასთან აფილირებული პირები იყვნენ, ხოლო მეორე მხარეს იყვნენ დამკვირვებლები, რომელთა ვინაობაც ჩვენთვის უცნობია და რომელთაც აიძულებდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია, შეეწყვიტათ თავიანთი საქმიანობა. მოძალადეები დამკვირვებლებს იხსენიებდნენ როგორც „ნაციონალებს“ და აყენებდნენ როგორც ფიზიკურ ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე იქ მყოფები აღნიშნავენ, რომ ინციდენტისას ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას. შესაბამისად, მივმართავთ შსს-ს დროულად აღკვეთოს და გამოიძიოს ეს ფაქტი, სადაც სავარაუდოდ იკვეთება სისხლის სამართლის 1621-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა), ასევე 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება);
ფოტო-ვიდეო გადაღების დარღვევა:
- მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები აგრძალებენ ამომრჩევლებისთვის სურათების გადაღებას ახლო დისტანციიდან. ფოტოგადაღება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება და პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავება.
სხვა პროცედურული დარღვევები:
- დაფიქსირდა საარჩევნო ბიულეტენების გაცემის და ყუთში მოთავსების წესის დარღვევა, მათ შორის ხულოს #2 უბანში მოქალაქეს ერთ შემთხვევაში მისცეს ერთი და იგივე სახის ორი ბიულეტენი; საჩხერის #9 უბანზე ამომრჩეველს ყუთის ზედამხედველმა მისცა საშუალება ბიულეტენი საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის გარეშე მოათავსებინა;
საზღვარგარეთის უბნებზე კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები
(ამ დროისთვის კენჭისყრის პროცედურები დაწყებულია შემდეგ უბნებში: ბარსელონა, ოსლო, რომი, ფრანკფურტი, ბერლინი, პარიზი, ბრიუსელი, ლონდონი, ვაშინგტონი, ათენი)
- ბარსელონაში უბანზე მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ მიმართეს შესაბამის უწყებებს და რეგისტრირებულნი არიან, თუმცა, არ არიან სიებში;
- ათენის #39-ე საარჩევნო უბანზე, დამკვირვებელი მხოლოდ საიას მოთხოვნის შემდეგ დაარეგისტრირეს, მანამდე განუმარტავდნენ, რომ დამკვირვებლები უბანზე როტაციის წესით უნდა ყოფილიყვნენ.
- ზოგადი ტენდენციის მიხედვით ყველგან, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს უჭირთ პროცესის თანმიმდევრულად წარმართვა.
კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დარღვევები:
- ფიქსირდება უბნებზე კომისიის წევრების და დამკვირვებლების მიერ პირბადის არასათანადოდ ტარება.