„ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპულ საქართველოს“ გურჯაანში მათ კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებს

1033

„ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპულ საქართველოს“ გურჯაანში მათ კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ღვინიაშვილი მათ მიერ დასახელებელ დეპუტატობის კანდიდატზე ზეწოლას ახდენს.

კერძოდ, საუბარია სოფელ ჩალაუბნის დეპუტატობის კანდიდატ მაკა ფრიდონაშვილზე, რომელსაც, „ნაციონალების“ მტკიცებით, ამავე სოფლის სკოლის დირქტორმა და გიორგი ღვინიაშვილმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრნენ, რომ მის დედას სკოლაში მუშაობის უფლებას აღარ მისცემდნენ.

„გიორგი ღვინიაშვილმა ჩვენს კანდიდატს დაურეკა და შეეცადა მისთვის გადაწყვეტილება შეეცვლევინებინა. მოგვიანებით კი მაკას დაემუქრა, თუ კანდიდატურას არ მოხსნიდა, შესაძლოა, სოფელ ჩალაუბნის სკოლიდან მისი დედის სამსახურიდან გაშვება მომხდარიყო. ამ საუბრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში იგივე მოთხოვნით მაკას დაურეკა ჩალაუბნის სკოლის დირექტორმაც. ჩემი აზრით, ეს ზარები უბრალოდ დამთხვევა არ არის. „ევროპული საქართველო“ და მათი ლიდერი შეთანხმებულად მოქმედებენ ხელისუფლებასთან ერთად”, – განაცხადა თემურ ბუწაშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

“ინტერპრესნიუსი” გიორგი ღვინიაშვილს დაუკავშირდა. ღვინიაშვილი მაკა ფრიდონაშვილთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს, თუმცა რაიმე სახის ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს.

წყარო: ინტერპრესნიუსი