გურჯაანში ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დასრულდება

349

ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაცია ერთი წელზე მეტია მიმდინარეობს. ტროტუარზე ახლადდაგებული ფილები აყარეს და ხელახლაა დასაგები, დასასრულებელია ქუჩის მოასფალტებაც. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

მოსახლეობის ნაწილი გადათხრილი ცენტრალური ქუჩის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს. მათი თქმით, ქუჩა ისეთ მდგომარეობაშია, გადაადგილება უჭირთ.

სამუშაოების ნაწილი ამხანაგობა „არ-პი-ჯიმ” შეასრულა. როგორც “სპექტრთან” ამხანაგობის თავმჯდომარე ვლადიმერ გაგუა ამბობს, მათ ნაკისრი ვალდებულებები უკვე შეასრულეს.

“რაც ჩვენ გვევალა, ის სამუშაობი, ფაქტობრივად, დასრულებულია. ფილები დავაგეთ, ფასადები მოვაწყეთ, გავაკეთეთ აგრევე გარეგანათება და შენობაზე მინათებები. ერთი წლის განმავლობაში თუ რამე დაზიანება გამოიკვეთა, ამას ჩვენ გამოვასწორებთ უსასყიდლოდ.

ამ ქუჩაზე ასფალტია დასაგები, რაც ჩვენ არ გვეხება. ჩვენი დაგებული ფილები აყარეს, რადგან “სილქნეტს“ კაბელი ჩააქვს მიწის ქვეშ. თქვენს კითხვაზე: რატომ მანამდე არ გააკეთეს, სანამ დავაგებდით ფილებს? – გიპასუხებთ, რომ არ ვიცი, ვერ გეტყვით ვინ დაავალათ. მათ აიღეს ფილები და დაგებაც მაგათი ვალდეულებაა. დაგეგმილია „ბებოს“ და „პაპას“ ბაღის რეაბილიტაციაც, მაგრამ ეს არის მეორე ეტაპი, რომელსაც გაზაფხულამდე მოვრჩებით”, – განაცხადა ვლადიმერ გაგუამ.

როგორც გამოცემა “სპექტრს” მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, ასფალტი ნონეშვილის გამზირზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა დააგოს. ხოლო, “სპექტრს” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რომ სმუშაოები სექტემბრის ბოლოს უკვე დასრულებული იქნება.

ცნობისთვის, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია პროექტის – “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარეობს.