ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა – ხმების დაცვის ოპოზიციური შტაბის წარმომადგენელმა, პაატა დავითაიამ, საარჩევნო დარღვევებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
დარღვევები დაფიქსირდა ბათუმში, ხაშურში, თბილისში – საბურთალოზე. ამასთან, თავს ესხმიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, მათ შორის, “სტრატეგია აღმაშენებელის” კოორდინატორებს. ხელისუფლების ოპონენტები სამართალდამცავებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი უყურადღებოდ აკვირდებიან საარჩევნო პროცესს.
დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მარნეულში, ქუთაისში, ზუგდიდში, გურიაში, ვანსა და ხონში.
წყალტუბოში ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო აგიტაციის შემთხევაც დაფიქსირდა.
ხარაგაულის მეორე უბანზე კი, “ქართული ოცნების” კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე წარწერა “50+” ზოგან კი “50ლ”.
საარჩევნო უბნებზე “კარუსელის” მცდელობებზე ისაუბრა ზაალ უდუმაშვილმაც.
დარღვევები ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებითაც. ზოგიერთი მათგანი “ცესკომ საერთოდ არ დაარეგისტრირა, ზოგიერთი კი – გადასატანი ყუთით სარგებლობასთან ერთად, საარჩევნო უბანზეც მივიდა.
დარღვევებზე უკვე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. “საიას” დამკვირვებელი საარჩევნო უბანთან სცემეს, თელავში კი, დამკვირვებელს დარღვევების ამსახველი ფოტომასალა წაუშალეს.