საიას დამკვირვებელს თელავის N5 უბანზე ტელეფონი დაუმტვრიეს, მარნეულის N5 უბანზე კი დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

777

დღის 14:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.

ძირითადად, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას.

წარმოგიდგენთ 10:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებს:

დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა:

  • თელავის #5 უბანზე საიას დამკვირვებელი ყოფნისას ტელეფონით აფიქსირებდა დარღვევის ფაქტს, კომისიის წევრებმა წაართვეს დამკვირვებელს მობილური, წაუშალეს ფოტო და გამოაძევეს უბნიდან;
  • მარნეულის #5 უბანზე საიას დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა დამკვირვებელმა, რომელიც არის ორგანიზაციის „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო საზოგადოება” დამკვირვებელი. საიამ დაწერა საჩივარი და მოითხოვა ამ დამკვირვებლის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.

ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი:

  • საგარეჯოში #42 უბანზე, სოფელი იორმუღანლოში, საიას დამკვირვებელმა გადაიღო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა. უბანზე იმყოფება ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც ასაკოვან ამომრჩევლებთან ერთად შედის კაბინაში და აძლევს ხმას. ამას ხსნიან იმით, რომ ამ ადამიანებმა არ იციან ქართული ენა. კანონმდებლობით, ამომრჩევლებს ურთიერთდახმარება შეუძლიათ, მაგრამ ამ შემთხვევის პრობლემურობა მის სისტემურობაში ვლინდება;
  • წინა წლების მსგავსად, გრძელდება ამომრჩევლის ნების კონტროლის ტენდენცია. უბნების პერიმეტრზე შეიმჩნევა სხვადასხვა პირის მობილიზაცია, რაც თვალთვალის განცდას ტოვებს და ქმნის ამომრჩევლის ქცევის შეცვლის საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ ეს კანონდარღვევა არ არის, მაგრამ უარყოფითი ტენდენციაა.

საზღვარგარეთის უბნებზე კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები (ამ დროისთვის კენჭისყრის პროცედურები დაწყებულია შემდეგ უბნებში: ბარსელონა, ოსლო, რომი, ფრანკფურტი, ბერლინი, პარიზი, ბრიუსელი, ლონდონი)

  • დაწერილია ერთი საჩივარი ცესკოში რომის საარჩევნო უბანზე არსებული დარღვევების შესახებ. ამომრჩევლებს არ უმოწმდებათ მარკირება, ამასთან, საიას დამკვირვებელს უარი უთხრეს საჩივრის რეგისტრაციაზე;
  • ბარსელონაში კენჭისყრის შენობა გაიხსნა 08:05 წუთზე. როგორც საიას დამკვირვებლებს განუმარტეს, კომისიის წევრები იყვნენ უბანზე, თუმცა იგი ჩაკეტილი იყო. შესაბამისად, დამკვირვებელმა ვერ შეასრულა თავისი უფლებამოსილება. დაგვიანებით გაიხსნა საარჩევნო უბანი პარიზშიც (08:09);
  • კომისიის წევრები არ არიან ინფორმირებულნი, ხშირია ტექნიკური ხარვეზები, კომისიის წევრები მითითების შემდგომ, ძირითადად, მათ ასწორებენ. არის ორგანიზაციული პრობლემებიც, მათ შორის, კომისიის წევრები აგვიანებენ და პრობლემებია ინვენტართან დაკავშირებით.

კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დარღვევები:

  • ზესტაფონის #14 უბანზე რეგისტრატორები არ ახსნევინებენ პირბადეს ამომრჩევლებს და არ ამოწმებენ სამაგიდე სიაში არსებულ ფოტოსურათს. ამასთან, რეგისტრატორებს არ ეკეთათ შესაბამისი ხელთათმანები. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.