ახალციხის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი კომისიის წევრების საქმიანობაში ერევა – ოპოზიცია

407

N29–ე საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ახალციხის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, ამბარცუმ ბაბოიანი კომისიის წევრებს მითითებებს აძლევდა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

ენმ–ს წარმომადგენელი, ივერი ბალახაშვილი “სამხრეთის კარიბჭესთან” ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც ამბარცუმ ბაბოანის საქმიანობა გააპროტესტეს, დეპუტატმა მათ სიტყვიერი  შეურაცხყოფა მიაყენა.

„უბანზე მოქმედი საკრებულოს დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი, ე.წ არასამთავრობოდან, არის მმართველად მოვლენილი, ის აძლევს ინსტრუქციებს კომისიის წევრებს და პარალელურ რეჟიმში აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ჩვენს წარმომადგენლებს, რომ ასე არ უნდა მოიქცეთ კაცები, საჩივარი რა კაცის საქმეა  და მსგავსი ქუჩური გარჩევებით,“ – აცხადებს ბალახაშვილი.

პროვოკაციაზე საუბრობს თავად ამბარცუმ ბაბოიანი, მისი თქმით, N39–ე უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შეგნებულად ამწვავებენ სიტუაციას.

„ნაცმოძრაობის წარმომადგენლები სპეციალურად ძაბავენ სიტუაციას რომ ჩხუბი იყოს, არეულობა იყოს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ჩაიშალოს არჩევნები, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ, თუ რამეში მადანაშაულებენ ფაქტები დამიდონ“- – ამბობს დეპუტატი.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საჩივარს დაწერენ.