„ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყოიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას საარჩევნო მანიპულაციაში ადანაშაულებს.
ირაკლი ჭყოიძის განცხადებით, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან პრობლემა შეექმნათ სამკერდე ნიშნებთან დაკავშირებით.
„ცესკომ ვერ ან არ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ელემენტარული ვალდებულების შესრულება, საარჩევნო უბნებზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისათვის მიეცათ სამკერდე ნიშნები. ეს გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს, რადგან კანონის მიხედვით წარმომადგენელს არ ექნება უბანზე შესვლის უფლება, თუ მას არ ექნა ე.წ. ბეიჯი.
ახლავე ვაფრთხილებ, სასწრაფოდ ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას მოაგვაროს ეს საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთი წარმომადგენელი, არ იქნას კომისიებიდან გამოძევებული.
სასწრაფოდ მოვუწოდებთ ცესკოს გააკეთოს საჯარო განცხადება, რომ შეწყვიტონ მათ მიერ დაგეგმილი საარჩევნო ბიულეტენების გაბათილების პროცესი. ამომრჩევლის მიერ შევსებული ბიულეტენი, სადაც მას მკაფიოდ ექნება თავისი პოზიცია დაფიქსირებული, ჩაითვალოს ნამდვილად“,- განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭყოიძემ.