წინამდებარე ანგარიში მოიცავს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს. ანგარიშში შესულია ორგანიზაციის მიერ 1 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით დაფიქსირებული დარღვევები.
მონიტორინგი, „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის – „საქართველოს მედია კლუბის“ პროექტის – „წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი“ – ფარგლებში ხორციელდება.
ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტებისა და მათი გამოქვეყნების მონიტორინგის შედეგები
მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს, შევისწავლოთ, თუ როგორ ასრულებენ წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობები საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე, 46-ე, 48-ე და 49-ე მუხლებით დაკისრებულ ვალდებულებას და წინასაარჩევნო პერიოდში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 1; 1641 და 1644 მუხლებით დადგენილ რეგულაციებს.
შესაბამისად, ანგარიში შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
- წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) ხელის შეშლის ფაქტები – რამდენად იქნა დაცული „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45 მუხლის მოთხოვნა (წინასაარჩევნო აგიტაციის, ამომრჩეველთან შეხვედრების, შეკრებების, მანიფესტაციების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში წარმართვა, სააგიტაციო მასალის თავისუფლად გავრცელება)
- აგიტაციის გაწევის მცდელობისთვის დაჯარიმებული საარჩევნო სუბიექტები
- სააგიტაციო მასალის ჩამოხევის/დაზიანების/გადკვრის ფაქტები
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები – რამდენად დაიცვეს მუნიციპალიტეტის ორგანოებმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლებით დადგენილი რეგულაციები (მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა, საბიუჯეტო სახსრების, საჯარო ფინანსებით განხორციელებული პროექტების, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების კუთვნილი ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენება პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ, წინასაარჩევნო პერიოდში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში და წინასაარჩევნო ღონისძიებებში, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების დროს და ა.შ.)
- მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამოყენების ფაქტები
- მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისა და მოსამსახურეების ფეისბუქის გვერდების გამოყენება მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების სასარგებლოდ
- საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში
- ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები – რეგულირდება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 1641მუხლით. – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ან მათ წარმომადგენელთა მხრიდან საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება.
- წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის, ზეწოლისა და დაშინების ფაქტები – რეგულირდება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 1621 მუხლით – თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან (პოლიტიკური თანამდებობის პირები, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, საჯარო მოსამსახურეები) წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა.
ასევე, გაეცანით: წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში
ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდნენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ელექტრონული და ბეჭდვითი მედიასაშუალებები, სოციალური მედია და ადგილობრივი აქტივისტები. მონიტორინგის პროცესში შემოსული ინფორმაცია შეძლებისდაგვარად მოწმდებოდა სხვადასხვა დამოუკიდებელ წყაროსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, მათ შორის, მუნიციპალიტეტებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით.
იხილეთ ანგარიში სრულად:წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში