ქუთაისში დააზიანეს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ბანერები. ქალაქის ცენტრალურ უბანში განთავსებულ საარჩევნო შტაბთან ბანერები წითელი საღებავითაა გადახაზული, მიხატულია წითელი ვარსკვლავები და რუსულადაა მიწერილი – КГБ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის გრიგოლ შუშანიას განცხადებით, ოფისთან გამოკრული ბანერები, სავარაუდოდ, ღამით დააზიანეს, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ქალაქში არ იყვნენ:
„გამთენიისას დავბრუნდით ქალაქში და დილით ოფისი ვანდალურად დაზიანებული დაგვხვდა, უკვე მივმართეთ სამართალდამცავებს და დავრეკეთ 112-ში, აქვე ოფისთან არის ვიდეოკამერები და შეუძლიათ ამოიღონ ჩანაწერები“, – აცხადებს ის.
გრიგოლ შუშანია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებს, ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდებს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა წინასაარცევნო პერიოდში ოპოზიციის ბანერები დააზიანეს. სხვადასხვა დროს დააზიანეს „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ძალა ერთობაშიას“ ბანერები.