მარნეულის სოფელ ალგეთის მოსახლეობა მერიისაგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 36 ჰექტარი მიწის მოსახლეობისათვის გადაცემას ითხოვს

398

არნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობა მერიისაგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 36 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსახლეობისათვის გადაცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით 28 ოქტომბერს მერიის წინ აქციაც გაიმართა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელ ალგეთში სასოფლო სამეურნეო მიწების უმრავლესობა მსხვილმა ფერმერებმა უკანონოდ მიისაკუთრეს რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი მიწების გარეშე დარჩა.

„აქ რამდენი ადამიანიცაა მოსული, ყველას მამა ამ მიწებზე მუშაობდა, მათი საკუთრება იყო და მათგან დაგვრჩა. ახლა ჩვენ საქონელსაც არ უშვებენ ამ მიწებზე და ჩვენ ამ მიწებიდან თივის ყიდვა გვიწევს,“ – თქვა ალგეთის მკვიდრმა ალი კარაევმა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე შამილ გურბანალიევი აცხადებს, რომ მარნეულის მერიას უკვე რამდენჯერმე მიმართეს და მიწების მოსახლეობისათვის დაკანონება მოსთხოვეს, მაგრამ პროცესმა უშედეგოდ ჩაიარა.

„ჩვენ ყველა აქ დავიბადეთ, ყველა საქართველოს მოქალქე ვართ და ჩვენ ვითხოვთ ჩვენს მიწას. პირველი დღე არაა რაც ჩვენ აქ ვართ. აქ უკვე 14-15 წელია მოვდივართ და ამ საკითხის მოგვარებას ვითხოვთ. 90-იან წლებში ჩვენი მიწები მიითვისეს. მოსახლეობა მიწებს ამუშავებდა და დაახლოებით 100-მა ადამიანმა ერთი წარმომადგენელი აირჩია და მას უნდა ეშუამდგომლა ჩვენ და სახელმწიფოს შორის, ეს ადამიანი ჩვენი მეზობელი, ჩვენი ნათესავი იყო, მაგრამ ისე მოხდა რომ ყველა მოგვატყუა და მიწები მიითვისა. ახლა ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ მოგვცეს ჩვენს სოფელში არსებული 36 ჰექტარი მიწა, რომელიც არავის საკუთრებაში არაა და ამ მსხვილ ფერმერებს აქვთ მითვისებული. ჩამოვიდნენ და გვითხრან რა ვქნათ, თუ კანონით არაა შესაძლებელი ამ მიწების უკან დაბრუნება, მერე უკვე ჩვენით დავიბრუნებთ,“ – აცხადებს შამილ გურბანალიევი.

აქციის მსვლელობიდან დაახლოებით ნახევარ საათში ალგეთის მოსახლეობასთან შესახვედრად მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე ჩავიდა. ტაბატაძემ მოსახლეობას უთხრა, რომ ის იცნობს მათ პრობლემას და მერიას უკვე ყველაფერი აქვს გაკეთებული მათ დასახმარებლად.

„ვიცი თქვენი ტკივილის შესახებ. ჩვენმა თანამშრომლებმა თქვენ სრული ინფორმაცია მოგცეს, რომ ეს 36 ჰექტარი მიწა, რომელიც თქვენ გსურთ, არსებობს. ეს მიწა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, სახელმწიფოს ბალანსზეა. როდესაც თქვენ პირველად გქონდათ ჩვენთან შეხვედრა ეს დოკუმენტები ყველაფერი გადავეცით ეკონომიკის სამინისტროს. მერიას ამის განკარგვა არ შეუძლია, მაგრამ ინფორმაცია, რომ თქვენ ამ 36 ჰექტარი მიწის მიღება გინდათ იქ უკვე იციან. გუბერნიამაც იმუშავა ამ საკითხზე და ყველა თქვენი მონაცემი სამინისტროშია გადაგზავნილი,“ – განაცხადა ზაურ ტაბატაძემ.

ზაურ ტაბატაძის განცხადებით, მერიას მოსახლეობისათვის მიწების განაწილების უფლება არ აქვს და შესაბამისად ალგეთელები ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდნონ.