კომპანიის დირექტორი, რომელიც მარნეულის ცენტრალურ სტადიონს ააშენებს, „ქართული ოცნების“ შემწირველია

507

მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორი გიორგი გაბუნია „ქართული ოცნების“ შემწირველია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

გიორგი გაბუნიამ, რომელიც შპს Construction Service-ის 55%-იანი წილის მფლობელია, „ქართულ ოცნებას“ 2016 წელს 59 000 ლარი შესწირა.

რაც შეეხება მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის ტენდერს, მასში მონაწილეობა მხოლოდ შპს Construction Service-მა მიიღო. რომელთანაც 6 168 865 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 25 სექტემბერს გაფორმდა.

ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან, ერთ წელში უნდა შეასრულოს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, ცენტრალური სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისათვის 6 911 722 ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერი 9 ივნისს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის სტადიონი 1 500 ადამიანს დაიტევს, იქნება მაღალი ხარისხის ხელოვნური ბალახით დაფარული, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის დიოდური ტაბლო, საპარკინგე ზონა, 2 სართულიანი შენება, სადაც 4 საპირფარეშო, 6 აბაზანა და 30 ადამიანზე გათვლილი საპრესკომფერენციო დარბაზი იქნება, რაც მთლიანობაში ფიფას მეორე კატეგორიის სპორტული მოედნის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მარნეულის სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტმა ჯერ კიდევ 2016 წელს შეადგინა, რაშიც 150 000 ლარი დახარჯა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტაცია განახლებას საჭიროებდა, რადგან 2017 წლიდან საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი შევიდა ძალაში.

2019 წლის 28 თებერვალს რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ თქვა, რომ იმ ეტაპისათვის სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტს მთავრობის დადგენილებასთან სისრულეში მოყვანა მიმდინარეობდა, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტის კორექტირება იყო საჭირო.

სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის კორექტირების შემდგომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაუგზავნა რის შემდეგაც ტენდერის გამოცხადება შესაძლებელი გახდა.