სოფელ ფახრალოს მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს

370

სოფელ ფახრალოს მოსახლეობას გაზის, სასმელი წყლის, ნაგვის ურნების, სპორტული მოედნისა და კულტურული ცენტრის არ არსებობის პრობლემები აწუხებთ. სოფლის მოსახლეობა ძირითადად შიდა გზების ცუდ მდგომარეობაში ყოფნის გამო წუხან. მათი თქმით, წლებია სოფელში შიდა გზები ცუდ მდგომარეობაშია რის გამოც წვიმის დროს გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

სოფლის მოსახლეობის თქმით, ტალახიანი გზების გამო, მოსწავლეებს სკოლაში წასვლაც უჭირთ. ამბობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასაც მიმართეს, მაგრამ პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

„დიდი სოფელია, შიდა გზები ისეთ დღეშია, რომ წვიმის დროს ბავშვი ტალახის გამო ვერ დადის. საჯარო მოხელეებს ვთხოვთ, რომ ჩვენი პრობლემები გაითვალისწინონ. ჩვენი სოფელი, სხვა სოფლებისაგან განსხვავებით, ცუდ დღეშია. გზის დაგება დაიწყეს და რომ დაასრულონ კარგი იქნება,“ – ამბობს ფახრალოელი კაცი.

„გზის პრობლემაზე თითქოს სოფელი ორად გაყვეს. ახალი ტალავერი და ძველი ფახრალო რომელიც საბჭოთა კავშირიდან დარჩა. სკოლის გზები ცუდ დღეშია, ინფრასტრუქტურა არ ვარგა. ეს დღევანდელი ხელისუფლების სახეა. გზა, წყალი არაფერი არაა,“ – ამბობს ფახრალოს მკვიდრი.

სოფელ ფახრალოს და იმირჰასანის მერის რწმუნებულმა ნოვრუზ აივაზოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 2021 წლის თებერვალში სოფელში ერთი კილომეტრის სიგრძის ბეტონის გზის დაგება იგეგმება. აივაზოვის თქმით, სოფლის რამდენიმე ქუჩაზე გზები უკვე მოწესრიგებულია, ახლო დღეებში კი კიდევ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება.

„მომავალი წლისთვის ჩვენს სოფელში გზის დაგებაა დაგეგმილი. სოფლის ძველი საავადმყოფოს უკან სახელმწიფო ტერიტორიაა და მანდ საბავშვო ბაღი აშენდება, ახლახან გავხსენით ახალგაზრდული ცენტრი. ასევე, აშენდება სპორტული დარბაზი. 2021 წელს გაკეთდება ეს საქმეები. დარჩა სასმელი წყლის პრობლემა. იმ ქუჩაზე 200-მდე სახლის წყლით უზრუნველყოფისთვის ჭის გაკეთებას დაგვპირდნენ,“ – განაცხადა ნოვრუზ აივაზოვმა.

ნოვრუზ აივაზოვმა ასევე აღნიშნა, რომ წელს სოფელში შიდა გზების მოასფალტება არ იგეგმება.