მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის 4 სექტემბერს მიიღო განკარგულება რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტში არსებულ ხე-მცენარეებზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალა, მაგრამ ვერ განსაზღვრა, თუ ვინ უნდა დააჯარიმოს პოლიტიკური პარტიები. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მიუხედავად საკრებულოს განკარგულებისა, ქალაქ მარნეულში ყველა ხე სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო პლაკატებითაა მორთული. ძნელად შეხვდებით ისეთ ხეს საიდანაც მარნეულის და გარდაბნის ერთი მაჟორიტარი კანდიდატი მაინც არ იყურება.
მარნეულის საკრებულომ მიიღო განკარგულება, მაგრამ როგორც მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა თურალ ისმაილოვმა გვითხრა, ზედამხედველობის სამსახურს პარტიების დაჯარიმების უფლება არ აქვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზზე რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ არც ცესკოს და არც საოლქო საარჩევნო კომისიას პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმების უფლება არ აქვთ.
რადიო „მარნეული“ მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან შეეცადა საკითხის გარკვევას, მან თავდაპირველად გვითხრა, რომ კითხვაზე, ვის აქვს უფლება პოლიტიკური პარტიების დაჯარიმების იმ შემთხვევაში თუ ისინი ხე მცენარეებზე პლაკატებს გააკრავენ, მარტივი პასუხის გაცემა რთულია. მერის მოადგილემ გვითხრა, რომ შეხვედრაზე იყო და ვეღარ გაგვესაუბრებოდა.
ლაშა ლობჯანიძემ 2020 წლის 4 სექტემბერს რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ უკვე განსაზღვრული იყო საჯარიმო სანქციები სააგიტაციო მასალების უკანონო გაკვრასა თუ, მის დაზიანებაზე. ფაქტზე რეაგირებას კი, როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახური, ასევე საქართველოს საარჩევნო კომისა მოახდენდა.