ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული მერი, იურიკ უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გაიოზ ლომსაძე თბილისისა და გორის კლინიკებში არიან გადაყვანილები, საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი კი სახლში მკურნალობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გაიოზ ლომსაძის თქმით, ის და ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი გამოხატული სიმპტომების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს, საკრებულოს თავმჯდომარე კი, მისი ინფორმაციით სახლში აგრძელებს მკურნალობას.
ვინ შეასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ამ ეტაპზე უცნობია. მერის მოვალეობის შემსრულებელი კი მისი მოადგილე, შალვა ბალახაძეა.
ბალახაძის ინფორმაციით, მერთან ახლო კონტაქტში მყოფი ერთი პირი თვითიზოლაციაშია, სხვა თანამშრომლების ანალიზების პასუხი კი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
მერთან ერთად, ინფიცირებულია მისი ოჯახის წევრებიც.