თბილისის მერიამ ახალქალაქის და ახალციხის მუნიციპალიტეტებს, 3–3 მეორადი ავტობუსი გადასცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
რომელი მიმართულებით იმოძრავებენ ავტობუსები და ჩაანაცვლებენ თუ არა საქალაქო ტრანსპორტს უცნობია, ახალციხის მერიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ, ახალქალაქში კი გვეუბნებიან, რომ ავტობუსები იმ მიმართულებით იმოძრავებენ, სადაც ასფალტია დაგებული.
„ორი დღეა რაც ჩამოიყვანეს, ძველი ავტობუსებია, რომელიც თბილისის მერიამ უფასოდ გადმოგვცა. უნდა ავიყვანოთ მუნიციპალიტეტის ბალანსზე, რადგან აქ არც ააიპ–ებია და არც ავტოპარკინგის რაიმე კომპანია. კონკრეტულად რომელი მიმართულებით ივლის არ ვიცით ჯერ, ექსპლუატაციის წესების მიხედვით მოვიფიქრებთ. სავრაუდოდ ქალაქში და იმ სოფლებში იქნება სადაც ასფალტია გაკეთებული“, – განაცხადა იურიკ უნანიანმა.
ახალქალაქის მსგავსად, სამი ავტობუსი გადაეცა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას. ამ დროისთვის უცნობია რომელი მიმართულებით იმოძრავებენ ავტობუსები.
როგორც გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, მერიიდან პასუხს რამდენიმე საათია ელოდებიან.