საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია,
აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას,
მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმად თვლის 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს და
რეკომენდაციით მიმართავს:
- ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეებს:
ა) თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობისგან, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;
ბ) საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მაქსიმალურად გაემიჯნონ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს, ისე, თუნდაც, აღქმა არ დარჩეს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ მოქმედებენ;
გ) მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მიმართულ შეხვედრებში მონაწილეობისა და ძალადობისგან, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე, თუნდაც, სიტყვიერი დაპირისპირება, და კანდიდატებმა შეფერხების გარეშე შეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი.
- არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს:
ა) პოლიტიკურმა პარტიებმა/საარჩევნო სუბიექტებმა გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა მხარდამჭერებმა, განსაკუთრებით კი, საჯარო მოსამსახურეებმა, თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან კონტრაგიტაციის, შეფასებების გაკეთების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე, თუნდაც, სიტყვიერი დაპირისპირება, და კანდიდატებმა შეფერხების გარეშე შეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი;
ბ) პოლიტიკურმა პარტიებმა/საარჩევნო სუბიექტებმა გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ მხარდამჭერებს, განსაკუთრებით, საჯარო მოსამსახურეებს, კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან მის განთავსებაში ხელის შეშლა.