ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში მეოთხე სამაჟორიტარო ოლქიდან 23 საჩივარი შევიდა

459

ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქიდან ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 23 საჩივარი შევიდა, რომლის დიდი ნაწილი ოპოზიციის მიერ არის შედგენილი, – ამის შესახებ ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ განაცხადა.

“ამ დროისათვის ოლქში სულ 23 საჩივარია რეგისტრირებული. მათგან 17 საჩივარი დაარეგისტრირა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, 2 – საია-მ, 3 – “სამართლიანმა არჩევნებმა” და ერთი – მედიაორგანიზაცია “ოლმედიამ”. საჩივრების უმეტესობა მოიცავს პროცედურულ დარღვევებს, რამდენიმე კი ადმინისტრაციულ ჯარიმასაც ითვალისწინებს”, – განაცხადა ციალა შავაძემ.

მისივე ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, 14 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 40 პროცენტი გამოცხადდა.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე.