ცესკო: მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ რაიმე ტიპის გადაცდომაა ან დარღვევა, დაწერონ განცხადება/საჩივარი და არ დაიწყონ უშუალოდ საარჩევნო უბანზე ამ საკითხის სამართლებრივ ჭრილში გადატანა

549

ცესკო არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დარღვევის ან ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, განცხადება/საჩივრები დაწერონ და საკითხი სამართლებრივ ჭრილში უბანზევე არ გადაიყვანონ.

როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ყველა საჩივარზე რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში რეაგირება მოხდება.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კენჭისყრის პროცესს ხელი არ შეეშალოს, მაქსიმალურად მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს და გვესმის, რომ უბანი არ არის ისეთ ფართში განთავსებული, რომ შესაძლებლობა იყოს თავისუფლად გადაადგილების, მაგრამ მთავარია ერთი რამ – ამომრჩეველს მივცეთ შესაძლებლობა არ შეფერხდეს, შევუწყოთ ხელი საარჩევნო ადმინისტრაციას და თუ რაიმე ტიპის გადაცდომაა ან დარღვევა, დაწერონ განცხადება/საჩივარი და არ დაიწყონ უშუალოდ საარჩევნო უბანზე ამ საკითხის სამართლებრივ ჭრილში გადატანა. თავიანთი კომპეტენციების მიხედვით უნდა იმოქმედონ მათ. როდესაც ვსაუბრობდი განცხადება/საჩივრებზე, ვთქვი, რომ უბნის მოწყობასთან დაკავშირებითაც დაიწერა საჩივარი. ამ საკითხებით აუცილებლად დაინტერესდება საოლქო-საარჩევნო კომისია და შეისწავლის და თითოეულ საჩივარზე რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ბათუმის #89, #90, #92 და #100 საარჩევნო უბნებზე ფართის სიმცირისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების სიმრავლის გამო, შეინიშნება ქაოსი და გართულებულია პროცესზე სრულყოფილად დაკვირვება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. რუსთაველები – საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმელები საკრებულოს წევრს ირჩევენ.

რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. რაც შეეხება №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევის საკითხს, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩევნებიდან მალევე, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ფუტკარაძე საკრებულოს წევრი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან იყო.