ბოტკოველი: ბათუმის 89-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს

467

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ბათუმის 89-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს.

ბოტკოველის თქმით, ადგილი ჰქონდა როგორც ტექნიკურ პრობლემას, ასევე ამომრჩევლის მხრიდან ორი ბიულეტენის გამოყენებას. აღნიშნულ უბანზე რეგისტრაციის ერთ-ერთი მანქანა გათიშულია.

„89-ე უბანი „ქართული ოცნებისთვის” პირდაპირი სამიზნეა, რადგან ეს სწორედ ის უბანია, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი დღეების წინ მიაწერეს. ფიქრობენ, რომ ის მიწერილი ადამიანები მათზე გააკეთებენ არჩევანს. ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ისევ ისე გააგრძელებენ ტყუილებს, როგორც 10 წელი ატყუებდნენ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დღეს “ოცნების ქალაქში” ცხოვრობს. რაც შეეხება დარღვევებს, დაფიქსირებულია, როგორც ტექნიკური დარღვევები, გათიშულია რეგისტრაციის ერთ-ერთი აპარატი, ასევე, დაფიქსირებულია ერთ ამომრჩეველზე ორი ბიულეტენის გაცემის ფაქტი, ამომრჩეველი ცდილობდა ორივე გაეტარებინა შესაბამის ელექტრონულ ურნაში. ყველაფერს აკეთებენ დილიდან, მობილიზებული არიან, რომ ხალხი ძალით მიიყვანონ. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ბათუმელები არ აირჩევენ ისევ იმ ტყუილს. ის, რაზეც დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, სასაცილოა, ავიწყდებათ, რომ ხელისუფლებაში არიან, მათი განცხადებები დაჩაგრული ოპოზიციის განცხადებებს გავს. ეს რას ემსახურება, არ ვიცი”, – განაცხადა ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე.