ცესკო: გარდაბანსა და რუსთავში ამ დრომდე არცერთი საჩივარი არ დაწერილა, ხოლო ბათუმის ოლქში 5 საჩივარია დაწერილი

530

ცესკო-ს ინფორმაციით, გარდაბანსა და რუსთავში ამ დრომდე არცერთი საჩივარი არ დაწერილა, ხოლო ბათუმის ოლქში 5 საჩივარია დაწერილი.

ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის ინფორმაციით, 5-ვე საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაწერეს.

„ამ დრომდე როგორც რუსთავში, ისე გარდაბანში არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ბათუმს, №79 საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 საჩივარია შესული, მათ შორის 2 წარდგენილია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, სამი კი „სამართლიანი არჩევნების“ მიერ. საჩივრები ეხება უბნის მოწყობის წესის დარღვევას და პროცედურულ ხარვეზებს. რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას თითოეულ საჩივარზე ექნება შესაბამისი რეაგირება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ პროცედურულ ხარვეზებს კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. ამასთან, განვმარტავთ, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ განცხადება/საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს, შეისწავლის და გადაწყვეტილებებს მიიღებს რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში“, – განაცხადა იოსელიანმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. რუსთაველები – საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმელები საკრებულოს წევრს ირჩევენ.

რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. რაც შეეხება №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევის საკითხს, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩევნებიდან მალევე, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ფუტკარაძე საკრებულოს წევრი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან იყო.