ცესკო: ამ დროისთვის შუალედურ არჩევნებზე მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი

579

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ნათია იოსელიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, შუალედურ არჩევნებზე მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი. როგორც იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაწერა და პროცედურულ საკითხს ეხება.

“ამ დროისთვის, ჩვენი მონაცემებით ერთადერთი საჩივარია დაწერილი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ეს ეხება პროცედურულ საკითხს და ის „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაწერა. უფრო მეტ დეტალს ამასთან დაკავშრებით შემდეგ ბრიფინგზე მოგახსენებთ”, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. რუსთაველები – საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმელები საკრებულოს წევრს ირჩევენ.

რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. რაც შეეხება №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევის საკითხს, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩევნებიდან მალევე, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ფუტკარაძე საკრებულოს წევრი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან იყო.