isfed-ის ცნობით, დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა ბათუმში ხდება, ხოლო რუსთავი-გარდაბნის N12 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

403

„სამართლიანმა არჩევნებმა” შუალედურ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაფიქსირებული დარღვევებისა და ტენდენციების  უმეტესობა ბათუმში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს უკავშირდება.

isfed-ის ცნობით, როგორც რუსთავისა და გარდაბნის, ისე ბათუმის საარჩევნო ოლქში ორგანიზაციის დამკვირვებლებს შესვლისა და დაკვირვების უფლება ყველა საარჩევნო უბანზე შეუზღუდავად მიეცათ.

“ბათუმის #89, #90, #92 და #100 საარჩევნო უბნებზე ფართის სიმცირისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების სიმრავლის გამო, შეინიშნება ქაოსი და გართულებულია პროცესზე სრულყოფილად დაკვირვება.

ბათუმის #23, #69, #79, #89, #90, #92 და #100 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ელექტრონულ ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები, ძირითადად, ვერიფიკაციის აპარატების და რიგ შემთხვევებში, სკანერების გაუმართაობის გამო.

ბათუმის #77, #79, #89, #91 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე შეიმჩნევა კოორდინატორებისა და პოლიტიკური მიზნით მოქმედი დამკვირვებლების ყოფნა და მათ მიერ ამომრჩეველთა მობილიზება. ასევე, ზოგიერთ საარჩევნო უბანთან ფიქსირდება საეჭვო შეკრებებიც.

ბათუმის #89 საარჩევნო უბანზე 2015 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, საარჩევნო უბანი იქმნება არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს. „სამართლიანი არჩევნები” შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშშიც საუბრობდა ამ უბანზე ამომრჩეველთა სერიოზული მატების შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი ერთ დღეს დარეგისტრირდა, რასაც შესაძლოა ორგანიზებული ხასიათი ჰქონოდა. შედეგად, ამომრჩეველთა რეგისტრაცია განხორციელდა იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდა კანონის იმპერატიული მოთხოვნის გვერდის ავლა. საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც პასუხისმგებელია უბნის საზღვრების დადგენაზე, არ უნდა დაეშვა ამ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კანონსაწინააღმდეგო რაოდენობით თავმოყრა.

ამასთან, საარჩევნო უბნის დადგენილზე მეტად გადატვირთვამ, უბნის სივრცის სივიწროვისა და ახალი ტექნოლოგიის დანერგვის პირობებში, როცა ამომრჩეველსა და კომისიას მეტი დრო სჭირდება კენჭისყრის პროცედურების განსახორციელებლად, შესაძლოა დაარღვიოს კოვიდრეგულაციები და პრობლემა შექმნას ხმის მიცემის ფარულობის მხრივაც”, – – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.     

isfed-ის ცნობით, რუსთავი-გარდაბნის #12 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

06:45-დან 12:00 საათამდე “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების მიერ ბათუმის #79.04 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ბათუმის #100 საარჩევნო უბანზე შეინიშნება სკანერის აპარატის გაუმართაობა, დაახლოებით, ყოველ მე-5 ამომრჩეველს უკან უბრუნდება ბიულეტენი. დაბრუნებული ბიულეტენის უკანა მხარეს გადასულია მარკერის მელანი, რის გამოც ირღვევა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

ბათუმის #79 საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გამოცხადებული იყო  მაისურით, რომელზეც ჰქონდა  წარწერა – ნუგზარ ფუტკარაძე (ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის სახელი და გვარი), რაც, შესაძლოა, ჩაითვალოს აგიტაციად.

უბნის მოწყობის წესის დარღვევა

ბათუმის #89 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 2015 ამომრჩეველი, თუმცა უბანზე განთავსებულია მხოლოდ 3 კაბინა, მაშინ როცა კანონის თანახმად, ყოველ 500 ამომრჩეველზე 1 კაბინა უნდა იყოს გათვალისწინებული. ამავე საარჩევნო უბანზე ფართის სივიწროვისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა სიმრავლის გამო, დამკვირვებლებს ხელი ეშლებათ უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებაში. ამავდროულად, არსებობს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკი.

კოვიდრეგულაციების დარღვევა

ბათუმის #90 საარჩევნო უბანზე  ირღვეოდა კოვიდრეგულაციები. კერძოდ დაახლოებით 15-მდე ადამიანს არ ეკეთა პირბადე. შენიშვნის მიუხედავად უბანზე მყოფი პირების ნაწილი არ დაემორჩილა მითითებას.

სხვა დარღვევები

ბათუმის #79 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი გამოცხადდა ბეიჯით და მართვის მოწმობით. კომისიის წევრი დაუშვეს უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმებით.

რაც შეეხება საარჩევნო უბნის მიმდებარე პერიმეტრზე დაფიქსირებული ტენდენციებს, ორგანიზაციის ცნობით:

ბათუმის #77 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩეველთა არაერთჯერადი მობილიზება ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით.

ბათუმის #79 საარჩევნო უბანთან მყოფი „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის” დამკვირვებელი საეჭვო კომუნიკაციაში შედის ამომრჩევლებთან. უბანთან მობილიზებულნი არიან სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებიც.

ბათუმის #89 საარჩევნო უბანთან მყოფი კოორდინატორები და აკრედიტებული დამკვირვებლები ახორციელებენ ამომრჩეველთა მობილიზებას.

ბათუმის #91 საარჩევნო უბანთან შეინიშნება პირთა ხანგრძლივი შეკრებები. კენჭისყრის შენობიდან დაახლოებით 200 მეტრში დილიდან განთავსებულ ავტომანქანაში მყოფი პირები, პერიოდულად, ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან კომუნიკაციაში შედიან.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების მიერ ბათუმის #79.04 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 2 საჩივარი და  ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 5 შენიშვნა.  ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწერა 1 საჩივარი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. რუსთაველები – საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმელები საკრებულოს წევრს ირჩევენ.

რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. რაც შეეხება №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევის საკითხს, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩევნებიდან მალევე, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ფუტკარაძე საკრებულოს წევრი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან იყო.