ცქიტიშვილი: ვანის მუზეუმს ექნება როგორც ტურისტული, ისე სამეცნიერო-საგანმანათლებლო დატვირთვა

506

წინა სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაასრულა. მუზეუმი ორი დღის წინ გაიხსნა და ორი თვის განმავლობაში მნახველს უსასყიდლოდ უმასპინძლებს. 

მუზეუმის შენობა და იქ გამოფენილი ექსპოზიცია მაია ცქიტიშვილმა და მიხეილ ჩხენკელმა დაათვალიერეს. 

„სამუზეუმო ექსპონატებთან ერთად აქ გვაქვს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ლაბორატორია, სადაც სპეციალისტებს საშაუალება ექნებათ ჩაატარონ ყველა საჭირო კვლევა. აქამდე ვანში აღმოჩენილი სიძველეების გამოსაკვლევად ექსპონატების ქვეყნის გარეთ გატანა გვიწევდა, ახლა კი  ეს სივრცე საინტერესო ხდება როგორც დამთვალიერებლებისთვის, ისე – მკვლევარებისთვის. სასიხარულოა, რომ ამ პროექტს აქვს როგორც ტურისტული, ისე სამეცნიერო-საგანმანათლებლო დატვირთვა, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.  

საერთაშორისო სტანდარტების შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და დროებითი საგამოფენო სივრცე. სამეცნიერო ლაბორატორიასთან ერთად, მუზეუმში, უახლესი სტანდარტების დაცვით მოეწყო ფონდები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები. 

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია, 1985 წლის შემდეგ, პირველად ჩაუტარდა. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  განხორციელებული პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია. 

თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით, დამთვალიერებელს უკვე შეუძლია ნახოს ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები. ამასთან, პირველად იქნება ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა.

გასულ საუკუნეში აღმოჩენილ ბრინჯაოს ქანდაკებების ნიმუშებთან ერთად, ვანის მუზეუმში, ასევე პირველად გამოიფინება ე. წ. სატაძრო ინვენტარი –  ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ლამპების უნიკალური კოლექცია.

განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით. სიმპოზიუმები მუზეუმის დაარსებიდან რეგულარულად იმართება და ანტიკური ხანის შავიზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნება.