დედოფლისწყაროს სოფლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა

330

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მიმდინარე წლის გეგმით პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამჯერად, კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების – ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალო და გამარჯვების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე.

„ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 28 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,6 მილიონ ლარზე მეტია. არსებული მდგომარეობით, ოთხი სოფლის მოსახლეობას გაზაფხულსა და შემოდგომაზე წყალი სტაბილურად, თუმცა ზაფხულისა და ზამთრის პეროდში დებიტის სიმცირის გამო შეზღუდვით მიეწოდება.რეაბილიტაციას საჭიროებს არსებული ინფრასტრუქტურაც.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილებისა და მაგისტრალური მილის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სატუმბო სადგურს, წყლის სათავე ნაგებობას და რეზერვუარებს. მოძველებული ქსელი ახლით ჩანაცვლდება და გამრიცხველიანდება მოსახლეობა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 14 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ოთხი სოფლის მოსახლეობას, ჯამში 5 000-მდე ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.