ხვალიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები გამოჩნდება. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც თანამედროვე ტიპის ელექტროავტობუსები იმოძრავებს. პირველ ეტაპზე, ხაზზე 5 ავტობუსი გავა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სულ 8 ერთეული ელექტროავტობუსი შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 4 მილიონ ევრომდეა.
“ბათუმს განახლებული ავტოპარკი აქვს. ეს არის ელექტროავტობუსების შემადგენლობა, რომლებიც EBRD-ის დაფინანსებით არის შეძენილი. ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ქალაქის ავტო სატრანსპორტო პარკის ეტაპობრივად განახლება, პანდემიის მიუხედავად არ გაჩერებულა. ეს არის თანამედროვე სერვისით აღჭურვილი ავტობუსები, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებზე. ბათუმი იქნება ერთ-ერთი პირველი ქალაქი, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ეს პროცესი მუდმივად განახლებულ რეჟიმში მომავალ წელსაც გაგრძელდება “ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
70 მგზავრზე გათვლილი 9,5 მეტრი სიგრძის თანამედროვე სტანდარტების ელექტროავტობუსებში 24 დასაჯდომი ადგილია. ადაპტირებული შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები. ელექტროავტობუსს შეუძლია გაიაროს დატენვის გარეშე 25 კილომეტრი. ბათუმისთვის 8 ელექტროავტობუსის შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) მიერ საერთაშორისო ტენდერის საშუალებით განხორციელდა.
ელექტროავტობუსების შეძენისათვის 3 მილიონ 777 ათასი ევრო დაიხარჯა. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი, EBRD-ის შეღავათიანი სესხია.
ახალი ავტობუსების წარდგენას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და მერიის ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
დღეს აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. ბათუმში დღის განმავლობაში 115 ავტობუსი და 250 მიკროავტობუსი იმუშავებს, საჭიროების შემთხვევაში, რაოდენობა გაიზრდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლის აღდგენისა და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას.