სკოლების დირექტორების ნაწილს ზუგდიდში უფლებამოსილება შეუწყდა

473

საჯარო სკოლის დირექტორების ნაწილმა თანამდებობები დატოვა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, კახაბერ ფარცვანიას განცხადებით, ეს უკავშირდება უფლებამოსილების 6 წლიანი ვადის ამოწურვას.

“პროცესი, რომელიც საჯარო სკოლების დირექტორების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მათი უფლებამოსილების შეწყვეტას ეხება, ზუგდიდში მიმდინარე კვირას დაიწყო. ჩვენ გვყავს 29 არჩეული დირექტორი, რომელსაც შეუწყდა უფლებამოსილება. მათი ნაწილი რჩება მოვალეობის შემსრულებლად, ან პედაგოგად”, – უთხრა “ლაივპრესს” კახა ფარცვანიამ.

როდის გამოცხადდება ახალი კონკურსი სკოლებში დირექტორის პოზიციაზე, რესურცენტრში არ იციან. ამბობენ, რომ ამ პროცესს პანდემიამ შეუშალა ხელი.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ სკოლის დირექტორებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესს ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ მმართველი პარტიის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის სარეკლამო ვიდეორგოლში სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების მონაწილეობის გამო საჩივრით საოლქო კომისიას მიმართა, თუმცა საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლოში იჩივლებს.

მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერძაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ კი განაცხადა, რომ არჩევნების დასრულებამდე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი სკოლის დირექტორების განავისუფლებაზე.