“გირჩის” ლიდერის და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიატის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დროს ვისაც უნდა, ისეთ აქციას ჩაატარებს. მისივე თქმით, აქციაზე მისვლა არა პარტიის, არამედ პიროვნების პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.
“გინდ “ნაციონალური მოძრაობა” იყოს და გინდ სხვა, პარტიამ თქვა ასეთი ღონისძიება მაქვს, ვინც გინდათ მოდით და მოვიდნენ. როგორც უნდა, ისე მივიდნენ და როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. საარჩევნო კამპანიაა და ვისაც უნდა, ისეთ აქციას ჩაატარებს”, — განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, თუ ადამიანების საკუთარი ნებით არიან მისულები აქციაზე, მათი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევიან:
“მათი გადასაწყვეტია, მივლენ თუ არა და როცა მივლენ, დაიცავენ თუ არა დისტანციას. მათი გადასაწყვეტი, პირბადეს გაიკეთებ თუ არა, თუ უნდათ, სკაფანდრი ჩაიცვან. ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. არ არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა. უნდა გამოვიდეთ ამ საბჭოთა კავშირიდან”.
ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს, ბათუმში “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ძალა ერთობაშიასთან” ერთად ხალხმრავალი აქცია გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც.
“ნაციონალური მოძრაობის” ამ აქციას “ქართული ოცნების” ლიდერები მძაფრი კრიტიკით გამოეხმაურნენ და ოპოზიცია ვირუსის გავრცელების ხელშეწყობაში დაადანაშაულეს.
წინასაარჩევნო პერიოდში ხალხმრავალ შეხვედრებსა და ღონისძიებებს “ქართული ოცნებაც” მართავდა. ოპონენტების პასუხად ისინი აცხადებდნენ, რომ იცავენ რეკომენდაციებს და დისტანციას.