“ტრიბუნას” კანდიდატი: ხალხს აშინებენ, გვიჭირს დამკვირვებლების აყვანა

501

„დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში, გელა კვარაცხელია ამომრჩევლის დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობს, მისი თქმით, უჭირთ დამკვირვებლების შერჩევა, რადგან მათ სოციალური დახმარების მოხსნით და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

ზეწოლასა და დაშინებაზე საგანგებო ბრიფინგი გელა კავარცხელიამ ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა, თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტულად ვინ ემუქრება მოქალაქეებს.

„არის საგანგაშო სიტუაცია იმ თვალსაზრისით, რომ გვიჭირს ჩვენი მხარდამჭერების ლეგიტიმურ სივრცეებში შემოყვანა. ეს ეხება დამკვირვებლებს. უარს გვეუბნებიან იმის გამო, რომ სოციალური დახმარების მოხსნით და ახლობლების სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან“, – განაცხადა გელა კვარაცხელიამ.

„ტრიბუნას“ კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მსგავსი პრობლემა აქვს სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსაც და მოუწოდებს მათ აღნიშნულ საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელონ.

„ეს არ ეხება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს, ეს ეხება არჩევნების დღესაც, ხმების დათვლის პროცედურასაც დაა.შ. გვიჭირს ადამიანებს მივცეთ ის სტატუსი, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ არჩევნებში ჩაერთონ აქტიურად. ვთვლი, რომ ეს დღეები კიდევ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გარკვეული ზემოქმედება მოვახდინოთ ამ პროცესზე და ხელისუფლებას, შესაბამის ორგანიზაციებს მივცეთ საშუალება, რომ გაამახვილონ ყურადღება მონიტორინგის დროს ასეთ ფაქტებზე“, – განაცხადა ბრიფინგზე გელა კვარაცხელიამ.

„ტრიბუნას“ კანდიდატი ასევე მიმართავს ადგილობრივ მერიას და საოლქო კომისიებს, რომ მათ განუსაზღვრონ ადგილი, სადაც შეძლებენ პლაკატების გაკვრას. მისი თქმით, რადგან ოლქში 14 კანდიდატია, გამოყოფილი ადგილები ფაქტობრივად შევსებულია.

„ჩვენ ვერც ჩამოვხევთ, ვისაც ზედმეტად აქვს საინფორმაციო დაფაზე გაკრული თავისი პლაკატი და არც ზედ გადაწებებას ვაპირებთ, რომ შემდეგ ეს სალაპარაკო არ გახდეს. 14 კანდიდატია დაფიქსირებული, გთხოვთ და მოვითხოვთ, რომ ეს ველი გამოთავისუფლდეს, რათა ჩვენ გვქონდეს საშუალება, რომ განვათავსოთ ჩვენი მასალები“, – ამბობს კვარაცხელია.