2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივი განცხადებით აფასებენ და აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებული იყო, ბრალდებები მოსყიდვასა და ზეწოლაზე კი საფუძვლიანად გამოსაძიებელია.
ისინი აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური და მედია პოლარიზაციით ხასიათდებოდა, რაც, ზოგჯერ, სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდიოდა. მათივე თქმით, პერსონალური თავდასხმები ხშირად ჭარბობდა პოლიტიკურ დებატებს, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ართმევდა.
“ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ისევე, როგორც ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვასა და კანდიდატების, ამომრჩევლისა და ჟურნალისტების დაშინების გამოძიება საფუძვლიანად უნდა მოხდეს”, — ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები, ასევე, ამბობენ, რომ ეს არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული საკანონმდებლო ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა, ამომრჩევლებს სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ.
“არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო და კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია. არჩევნების დღე გარკვეული პროცედურული საკითხების მიუხედავად, მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ წარიმართა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროპარლამენტარები მთავრობას მომდევნო არჩევნებისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებისა და ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ პოლიტიკაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობაა და აუცილებელია ესეც გათვალისწინებული იყოს.