ენმ: ზუგდიდში ოპოზიციის წინააღმდეგ დესტრუქციული ძალების შტაბი ფუნქციონირებს და მას გიორგი გამსახურდია ხელმძღვანელობს

447

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მმართველი პარტიის ინიციატივით და ორგანიზებით, ფუნქციონირებს საიდუმლო შტაბი, სადაც ხდება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ პროვოკაციების დაგეგმვა.

ენმ-ის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ გნაცხადა, რომ შტაბის მუშაობას პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას უახლოესი მეგობარი, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა კურირებს.

მისივე თქმით, შტაბის მუშაობაში, სადაც დესტრუქციული ძალების მობილიზება ხდება, ჩართულია ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია, „ქართული მარშიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გაბედავა და ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.

როგორც ანა წითლიძემ განმარტა, დეტალურად იციან თუ რა დავალებები გაიცემა და რა გეგმები აქვთ. მისივე მტკიცებით, წყარო „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან არის.

„საეჭვოა, რომ არჩევნებამდე 15 დღით ადრე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს ადამიანები შეეკრიბა ასე საიდუმლო შტაბში და მათთვის მიეცა კონკრეტული დავალებები, ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს იმ ადამიანის შვილი, რომლის ღირებულებების მატარებელი ვარ მეც და ძალიან ბევრი ქართველი და რომელმაც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირა თავი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მან ჟურნალისტებს წარუდგინა ფოტოები სადაც გიორგი გამსახურდია მერიის ა(ა)იპ-ის იმ თანამშრომლებთან ერთად არის წარმოდგენილი, რომლებიც ანა წითლიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების დარბევაში არიან მხილებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდების საპასუხოდ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ. მისი განცხადებით, ზუგდიდში საიდუმლო შტაბი არ არსებობს. ადგილი კი რაზეც ოპოზიციური პარტია აცხადებს, მხარდამჭერთა შეკრების ადგილია.

„გამსახურდიას ქუჩაზე მე სხვა შტაბი გარდა „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრობისა“ არ ვიცი. მესამე შტაბი თუ არსებობს, ჩემთვის უცნობია. მე ვიცი, რომ გამსახურდიას ქუჩაზე არსებობს შეკრების ადგილი. შტაბის ფუნქცია აქვს თუ არა, არ ვიცი. იქ მხარდამჭერების მიერ აფიშირებულია ფოტოები, დროშები. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ეს იყოს საიდუმლო, როდესაც მთელი ზუგდიდის საზოგადოება ხედავს ამის არსებობას“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

მისივე ცნობით, არ აქვს მსგავსი ინფორმაცია, თითქოს მხარდამჭერების საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩართული იყოს გიორგი გამსახურდია.