ზუგდიდელმა ბიზნესმენმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა საპროტესტო აქცია გამართეს

432

ზუგდიდელმა ბიზნესმენმა მანანა მიქავამ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა.

მან განაცხადა, რომ ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიის დაბრუნების მოთხოვნით, ის საპროტესტო აქციების გამართვას განაგრძობს და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება სათანადო რეაქცია, ორშაბათს ფართომასშტაბიან აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

“ლევან კაკავამ, როცა ის ფინანსური პოლიციას ხელმძღვანელობდა, წლების წინ მან დამიბარა და მითხრა, რომ თუ მებაჟეებს დავაჭერინებდი და დანომრილ ფულს მივცემდი, მაშინ ჩემს ცხოვრებას ძაღლი არ დაჰყეფდა, თუ არა გამანადგურებდა. ჩემი ცივი უარის შემდეგ კაკავამ იმდენი გააკეთა, რომ 14 წლიანი სასჯელით გამიშვა ციხეში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამათავისუფლეს”.

მისივე თქმით, ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ კუთვნილი ქონება ვერ დაიბრუნა, “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანდა.

ბიზნსემენის საპროტესტო აქციაზე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ ჭითანავაც იმყოფებოდა.

მან ბიზნესმენის საქმეში ზუგდიდის მერის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

“ის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ვეძახით გულუას პარკს, ხელისუფლებისათვის არის ჩემოდანი, რომელსაც სახელური არ აქვს, რომელსაც ვერცერთი ხელისუფლება ვერ წაიღებს. და მერი, რომელიც შეთავსებით თიბისი ბანკის მევახშეა არის თავგადასავლების მაძიებელია. ამ კაცს ეტყობა ავიწყდება თავისი წინამორბედი როგორ აღმოჩნდა ციხეში, სწორედ ამ ამბის გამო. ვწუხვარ, რომ ახალგაზრდა კაცია და მფარველობს დამნაშავეებს და კრიმინალებს”, – განაცხადა ოთარ ჭითანავამ.

მანანა მიქავა ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც წლებია დავის საგანია შპს “აკვაპარკს” და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიწა ბიზნესმენმა ჯერ კიდევ 2008 წელს შეიძინა. აქ მას აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა ამბობს, რომ ვალდებულები დაპატიმრების გამო ვერ შეასრულა. ის მაშინ ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის და “ლაზიკა კაპიტალისგან” დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლეს.

მანანა მიქავა 2013 წელს გათავისუფლდა. ამ დროისთვის მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი. მოგვიანებით ბიზნესმენმა ზუგდიდის გამგეობას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმებაზე სასამართლო დავაც მოუგო.

მიწის დაბრუნების მოთხოვნით მანანა მიქავამ საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.