რიჟვაძე: ერთმნიშვნელოვნად შეეშალა ხელვაჩაურის მერს, ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში

443

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ხელვაჩაურის მერს, რომელმაც ჟურნალისტს აგინა, ერთმნიშვნელოვნად შეეშალა. ამის შესახებ რიჟვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

“ერთმნიშვნელოვნად შეეშალა აღნიშნულ თანამდებობის პირს და ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში. ეს არის ჩემი პასუხი”, — აღნიშნა მან.

გამოცემა ბათუმელებმა ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე ჟურნალისტს აგინებს. მათი ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის, ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.

როგორც ბათუმელები წერს, ვარდმანიძემ ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო და მას შემდეგ, რაც მიიღო შენიშვნა, რომ არჩეულ მერს, არ აქვს უფლება, მოქალაქეებსა და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოხატავს ვარდმანიძის საქციელის გამო და მიიჩნევს, რომ ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას. მათი თქმით, მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო.

ხელვაჩაურის მერმა აღნიშნულზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ იგი არასწორად მოიქცა და მას თავი უნდა შეეკავებინა. მისი მტკიცებით, ინციდენტის დროს ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილა.