ადიგენში, ვარხნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე “ოცნების” კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე

437

ადიგენში, ვარხნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რუსუდან ხობიაშვილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდა. იურისტები საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე საუბრობენ, თავად კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ შეხვედრას არ ესწრებოდა და იქ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეჩერდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

გამოცემის ცნობით, ხობიაშვილი მმართველი პარტიის შეხვედრაზე 4 ოქტომბერს, კვირას იმყოფებოდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფეისბუკის გვერდზე დადეს, თუმცა შემდეგ წაშალეს.

„არ ვესწრებოდი შეხვედრას. მე სკოლის დირექტორიც ვარ და უბნის თავმჯდომარეც. სკოლაში მიმდინარეობს მშენებლობა იქ ვიყავი საქმეზე, შემდეგ გამოვბრუნდი და უბანზე რომ მივსულიყავი, ის ადგილი უნდა გამევლო, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა. ჩემი მასწავლებლები ესწრებოდნენ შეხვედრას, კვირა დღეს შეეძლოთ მათ მანდ მისვლა და უბრალოდ გამოველაპარაკე. სავარაუდოდ მაგ დროს მოვხვდი კადრში,“ – განმარტავს ხობიაშვილი.

რედაქციის ინფორმაციით, იგი დაბა ადიგენში სკოლის დირექტორების ობოლაშვილთან შეხვედრასაც ესწრებოდა, თუმცა ხობიაშვილმა ეს ფაქტიც უარყო.

„მე ოფიციალურ შეხვედრაზე არ ვიყავი. იქაც ორი წუთით მოვიკითხე როგორც ახლობელი და გამოვიარე და წამოვედი. ახლობლობა და ნათესაობა დანაშაულად თუ ითვლება არ ვიცი….აქ ადმინისტრაციულ გადაცდომას არ აქვს ადგილი,“ – ამბობს ვარხნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის, გიგი ჩიხლაძის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეხვედრაზე ყოფნა საარჩევნო კოდექსის 45 მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევაა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კომისიის წევრს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

„მე ვთვლი რომ ეს არის დარღვევა. ცხადია დეტალებს აქვს მნიშვნელობა, ესწრებოდა ეს ქალი შეხვედრას თუ უბრალოდ ჩაიარა. როდესაც საარჩევნო შეხვედრაზეა საუბარი, ძალიან რთულია იმის დასაბუთება საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ყველა გამონაკლისის გარეშე ეკრძალება აგიტაციაში მონაწილეობა, რას უნდა აკეთებდეს ამ დროს ამ შეხვედრაზე. ფაქტია რომ თქვენ, მე და უამრავმა სხვა ადამიანმა აღვიქვით რომ ეს არ იყო მთლად ნორმალური ქცევა. ჩემთვის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დიდი ნაწილისთვის დასწრება ნიშნავს აგიტაციას,“ – განმარტა ჩიხლაძემ.

იურისტების განცხადებით, საარჩევნო კოდექსის დარღვევის ფაქტზე საჩივარი ადიგენის ოლქში უნდა შევიდეს, სადაც სამართალდარღვევის აქტი შედგება და სასამართლოს ეგზავნება.

დაიწერა თუ არა საჩივარი, ამ ეტაპზე უცნობია, “სამხრეთის კარიბჭე” ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჯაბა მაჭარაშვილს დაუკავშირდა, გუშინ, 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტრენინგზე იმყოფებოდა და პასუხს ვერ გაგვცემდა, დღეს კი ჩვენს სატელეფნო ზარებს არ უპასუხა.