ოპოზიციიდან პოლიტიკურ რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა სექტემბერში გიორგი ვაშაძის პარტიამ, შემდეგ კი „ევროპულმა საქართველომ“ და „ლელომ“ დახარჯეს

359

ოპოზიციური პარტიებიდან, პირველიდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში ყველაზე მეტი – 913 272 ლარი „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დახარჯა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, საარჩევნო ბანერებსა და სხვა სახის რეკლამაში გადახდილი თანხის მიხედვით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემდეგ მოდის, „ევროპული საქართველო“, მან 593 905 ლარი დახარჯა. „ლელო საქართველოსთვის“ რეკლამაში 408 765 ლარი აქვს გადახდილი. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 188 068 ლარი.

რაც შეეხება რეკლამაში უშუალოდ თანხების გადანაწილებას, როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, პარტიამ სატელევიზიო რეკლამაში 524 167 ლარი დახარჯა, ბეჭდვურ რეკლამაში 11 ათასი ლარი, ინტერნეტ რეკლამაში 127 971 ლარი, ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაში 17 ათასი ლარი. გარე რეკლამაში 225 924 ლარი, სხვა რეკლამის ხარჯები კი 7209 ლარს შეადგენს.

„ევროპული საქართველოს“ დეკლარაციის მიხედვით, ბეჭდვურ რეკლამაში 8000 ლარი დახარჯეს, ინტერნეტ რეკლამაში 152 047,98 ლარი, ბრენდირებული აქესუარებით რეკლამის ხარჯი 3 577, 50 ლარს შეადგენს, გარე რეკლამის ხარჯი 207 517,76 ლარია, სხვა სარეკლამო ხარჯები კი 168 761,82 ლარი. რაც შეეხება სატელევიზირო რეკლამების ხარჯს, პარტიას 1-ელიდან -21 სექტემბრამდე პერიოდში ამ მიმართულებით ხარჯი არ გაუწევია.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ რეკლამის ხარჯებიდან 284 003 ლარი გარე რეკლამებისთვის გაიღო, 66 323 კი სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის, ბეჭდვურ რეკლამას 2610 ლარი მოახმარა, ინტერნეტ რეკლამაში 21 659 ლარი გადაიხადა, ბრენდირებული აქსესუარებისთვის კი 34 170 ლარი დახარჯა. რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამას, პარტიას ამ მიმართულებით თანხა არ დაუხარჯავს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამის ხარჯებიდან ინტერნეტ რეკლამაში 5063 ლარი დახარჯა, გარე რეკლამაში კი 129 621 ლარი. სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის, 53 404 ლარი გაიღო. რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამის, ბეჭდვური რეკლამისა და ბრენდირებული აქსესუარების ხარჯებს, პარტიას 1-ელიდან – 21 სექტემბრის ჩათვლით ამ მიმართულებით თანხები არ გამოუყვია.

რაც შეეხება ზოგადად პარტიების მიერ გაწეულ ხარჯებს, სახელმწიფო აუდიტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით მიხედვით, სხვადასხვა მიმართულებით ყველაზე მეტი, ჯამში, 951 220 ლარი „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს დახარჯული. მის შემდეგაა, „ლელო საქართველოსთვის, რომელმაც სამი კვირის განმავლობაში 757 644.33 ლარი დახარჯა, „ევროპულმა საქართველომ“ 730 817,92 ლარი გაიღო, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 1-ელიდან 21 სექტემბერის პერიოდში, ჯამში, სხვადასხვა მიმართულებით 325 544 ლარი აქვს დახარჯული.