სოფელ მარელისში ცისკაძეების საუბნო გზის სარეაბილიტაციოდ განმეორებით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არც ერთმა სამშენებლო კომპანიამ არ მიიღო. ტენდერი 271 249 ლარზე იყო გამოცხადებული. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ამავე მიზეზით არ შედგა ხორითის ცენტრალური (ტენდერი გამოცხადებული იყო 168 497 ლარზე), ნუნისის (180 868 ლარი), ლეღვან-მარელისის დამაკავშირებელი (106 192 ლარი), ზედუბნის (211 040 ლარი), გოლათუბანში სხვერისა და სადგურის უბნების (241 794 ლარი) გზების სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული ტენდერები.
ნუნისში მცხოვრები მზევინარ კიკნაძე სოფლის ცენტრალური გზის გაუმართაობით შეწუხებულია – წვიმიან ამინდში გზა ტალახდება და, ფაქტობრივად, გაუვალი ხდება. ის ამბობს, რომ სოფელი საკურორტო ზონაშია და კეთილმოწყობილი გზა ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ამ გზის რეაბილიტაციის დასრულებას 2018 წელს ველოდით. ძალიან მიკვირს, ამდენი ხანი რატომ ჭიანურდება. სოფელი იცლება, ტურისტი ნაკლებადაა. ამ პრობლემების გაღრმავებას ხელს უგზოობაც უწყობს“, – ამბობს მზევინარ კიკნაძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის, ზურაბ იჩიქიტიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ გზების რეაბილიტაცია გასულ წლებში უნდა დასრულებულიყო.
ხორითის, ნუნისის, ლეღვან-მარელისის, ზედუბნის, გოლათუბანში სხვერისა და სადგურის უბნების გზების მშენებელ ორგანიზაციებს ხელშეკრულება წელს შეუწყდა, რადგან მათ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს.
ზურაბ იჩიქიტიძე ამბობს, რომ ხარჯთაღრიცხვები წინა წლებშია მომზადებული. დღეს ფასები სამშენებლო მასალებზე გაზრდილია, ხარაგაულში გზების რელიეფი რთულია, ტენდერით განსაზღვრული თანხა – არასაკმარისი. ამიტომ მშენებელი ორგანიზაციები ხარაგაულში გზების რეაბილიტაციით აღარ ინტერესდებიან.
ხარაგაულის მერიამ მშენებელ ორგანიზაციებს გზის პროექტების ხელახალი განფასება შესთავაზა. მათგან მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ განსაზღვრავენ მომავალში კონკრეტული გზის სარეაბილიტაციო თანხის სავარაუდო ოდენობას.