კვეტერის ციხის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

465

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ციხე-ქალაქ კვეტერის მდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებდა, მონაწილეების არარსებობის გამო ჩაიშალა.

მერიამ ხელახალი ტენდერი კვლავ 1 489 684 ლარზე გამოაცხადა. წინადადების მიღების ვადა 14 ივნისს იწურება. თანხის 99% ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო 1% კი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ტენდერის პირობების თანახმად, პროექტი მოიცავს გზის რეაბილიტაციას, ბორდიურების, პანორამული გადასახედის, საპიკნიკე სივრცის, ფანჩატურების, განათებებისა და საპირფარეშოების მოწყობას. აგრეთვე გაკეთდება ავტოსადგომი და მოეწყობა გალავნის კედელი.

აღნიშნული სამუშაოების შესრულებას დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება.