საგარეჯოს სოფელ უდაბნოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

580

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მიმდენარე ტერიტორიაზე, საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. უდაბნოს “მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება.

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის განმარტებით, პროექტის შეფერხების უმთავრესი მიზეზი, ბაზარზე ელექტროენერგიის ტარიფის არაპროგნოზირებადობა იყო.

„უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტი უნდა აეშენებინა კერძო ინვესტორს, რომელსაც პარტნიორები ჰყავდა პოლონეთში. თუმცა, მათ ვერ მოიძიეს შესაბამისი დაფინანსება. მიზეზი კი, ბაზარზე ელექტროენერგიის ტარიფის არაპროგნოზირებადობა იყო. გაჩნდა კითხვა – თუ რა ფასს მიიღებს, ეს სადგური როცა ბაზარზე ივაჭრებს. თუმცა, ამ პრობლემის წინაშე აღარ აღმოვჩნდებით, ვინაიდან 2021 წლიდან გვექნება ელექტროენერგიის ბირჟა, სადაც აღარ იმოქმედებს გარანტირებული შესყიდვების ტარიფი და იქნება საბაზრო ფასწარმოქმნა. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა დაითვალოს ელექტროენერგიის ტარიფი და შესაბამისად, სამომავლო პროგნოზი გააკეთოს,“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ “უდაბნოს მზის ელექტროსადგურის” მშენებლობაზე, ინვესტორმა ,,სოლარ ფაუერ ჯორჯიამ“ კვლევა გასული წლის გაზაფხულზე დაასრულა, მშენებლობის დაწყება კი 2019 წლის ბოლომდე იგეგმებოდა, თუმცა, ელექტროსადგურის აშენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.