„ლელოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი მურად მურადოვი „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის დაშინებაში ადანაშაულებს. მურადოვი დღეს, 7 ოქტომბერს, მარნეულის სოფელ კასუმლოში იყო ჩასული, სადაც, მისი თქმით, მოსახლეობას აქცია უნდა გაემართა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„სოფლის მოსახლეობა აპირებდა აქციის გამართვას სოფელში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. გუშინ დაგეგმეს აქცია და ჩვენც შეგვატყობინეს, რომ მხარდასაჭერად ჩამოვსულიყავით. ჩვენ მოვედით აქ სოფლის მოსახლეობის მხარდასაჭერად, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებამ, დააშინა ეს ხალხი. აქციაზე არ მოვიდნენ და თქვენ კადრებშიც დაინახავთ, რომ ხალხი სოფლის ცენტრშია მოგროვებული, მაგრამ აქციას ვეღარ მართავენ იმიტომ, რომ დააშინეს, დაატერორეს ეს ხალხი. ხალხი ჰყავთ დატერორებული, ხალხი ხმას ვერ იღებს, თავის პრობლემებს ვერ იძახის ხმამაღლა და ასეთ მდგომარეობაში ჰყავს მთელი მარნეულის მუნიციპალიტეტი „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა მურად მურადოვმა
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ლელოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა კასუმლოში არსებულ სასმელი წყლის, ნარჩენების და გზის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
„სოფელში არის უამრავი პრობლემა, სოფლის ცენტრში არის ნაგავსაყრელი, მყრალი სუნია და სოფლის ცენტრში გაჩერებაც შეუძლებელია. სასმელი წყალი სოფელს არ მიეწოდება და როდესაც გაიგეს, რომ სოფლის მოსახლეობა აქციის გამართვას აპირებდა სასმელი წყალი გამოუშვეს და ახლოს მისულს მყრალი სუნი შეგაწუხებს და საშინელი მდგომარეობაა, ანტისანიტარიაა იმ ადგილას, სადაც სოფლის მოსახლეობა სასმელ წყალს იღებს. ასეთ მდგომარეობაშია ეს სოფელი, ასეთ მდგომარეობაშია მთელი მარნეული,“ – განაცხადა მურად მურადოვმა
მურადოვი კასუმლოს ცენტრში, ერთ-ერთ ჩაიხანაში მოსახლეობას შეხვდა მათი პრობლემები მოისმინა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კასუმლოელებმა გვითხრეს, რომ სოფელში სასმელი წყლის პრობლემასთან ერთად, სარწყავი წყლის პრობლემაცაა.
„ძირითადი პრობლემა გზებია. ასევე არხი არ მოდის, დენი არ გავქვს. ყველზე ჩამორჩენილი ჩვენი სოფელია. დაპირებას გვაძლევენ, მაგრამ არც ერთი არ სრულდება. სოფლის გამგეობას ვთხოვთ მოაგვარონ ჩვენი პრობლემები, მაგრამ უშედეგოდ,“ – ამბობს ხაზინადარ იმანოვი.
„რომელ პრობლემაზე ვისაუბრო, იმდენია. სასმელი და სარწყავი წყალი არ გვაქვს. სოფლის ერთ ნაწილს დენი აქვს, მეორეს არა. წყალი სხვა ადგილიდან მოგვაქვს და იმით ვსარგებლობთ,“ – გვითხრა კასუმლოელმა რაშიდ აღაჯანოვმა
„პირველი პრობლემა წყალია. იმიტომ, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობით ვართ დაკავებულნი და თუ წყალი არ იქნება ვერ ვიცხოვრებთ. მიწებია იჯარით აღებული, ყველაფერი წყლით მოგვარდება. წყლის საკითხი თუ მოგვარდა ჩავთვლი, რომ კარგად ვიცხოვრებთ,“ – თვქა ნასიბ ბაირამოვმა.
მურადოვის ბრალდებას, რომ სოფელ კასუმლოს მოსახლეობა სახელისუფლებო პარტიამ დააშინა, კომენტარის გარეშე ტოვებენ „ქართულ ოცნებაში“. რადიო „მარნეულს“ პარტიაში განუცხადეს, რომ უსაფუძვლო ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.