ქალაქ ფოთში, უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაო დასრულების ეტაპზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შენდება ცენტრალური სტადიონის 2 740 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნა. ასევე, დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მოწყობაც.
ტრიბუნის ქვეშ მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსოები. დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის. სამხრეთ ტრიბუნაზე კი დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედტაბლო.
ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5.3 მილიონი ლარია.