თბილისის ცენტრალური პარკის გაშენება, სავარაუდოდ, 15-20 მლნ დოლარი დაჯდება, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამჟამად მიმდინარეობს პარკის დეტალური პროექტირება, მზად არის ესკიზური და სქემატური პროექტი, ხოლო საბოლოო დაპროექტების შემდეგ ცნობილი გახდება ბიუჯეტის ზუსტი ოდენობა. ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ძვირადღირებული პროექტია ფართობიდან გამომდინარე და ჩემი შეფასებით, მინიმუმ 15-20 მილიონი დოლარის ღირებულების იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
რაც შეეხება ბრალდებებს და კითხვას იმის შესახებ, ფონდმა „ქართუმ“ დაიტოვა თუ არა ტერიტორიის ნაწილი, ჩხეტიანი პასუხობს, რომ ფონდმა მერიას უსასყიდლოდ გადასცა მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაწილი სრულად. „რაც „ქართუ“ ფონდის“ საკუთრებაში იყო, ყველაფერი გადაეცა თბილისის მერიას“, – თქვა ჩხეტიანმა.
გარდა ამისა, მედიამ ნიკოლოზ ჩხეტიანს კითხვა ოპოზიციის იმ ბრალდებებზეც დაუსვა, რომლის თანახმად, იპოდრომის მერიისთვის გადაცემა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. „ეს ბრალდებები არის სისულელე“ – ამბობს „ქართუს“ წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის ინფორმაციით, გუშინ მერიასა და ფონდ “ქართუს” შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, “ქართუმ” ქალაქს იპოდრომის ტერიტორია აჩუქა, სადაც ასევე “ქართუ” თბილისის ცენტრალურ პარკს გააშენებს.