თბილისში გრიგოლ ვოლსკის სახელობის ქუჩა გაიხსნა, საკრებულოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებას მაჟორიტარობის კანდიდატებიც ესწრებოდნენ

614

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, კრწანისის რაიონში პუბლიცისტის, ექიმის, საზოგადო მოღვაწის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, გრიგოლ ვოლსკის გარდაცვალების 111 წლისთავთან დაკავშირებით, მისი სახელობის ქუჩა გაიხსნა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია, გრიგოლ ვოლსკის შთამომავლები და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

როგორც საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, გრიგოლ ვოლსკის დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე.

„სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს გავხსენით გრიგოლ ვოლსკის სახელობის ქუჩა. 111 წელი გავიდა გრიგოლ ვოლსკის გარდაცვალებიდან. სამწუხაროდ, ამ დიდი მოღვაწის ცხოვრება და საქმიანობა არ არის სათანადოდ შესწავლილი და არც მისი საფლავი ვიცით. მისი სახელობის ქუჩის გახსნით, ჩვენ გვინდა, პატივი მივაგოთ გრიგოლ ვოლსკის, როგორც ქართული საქმის დიდ მოამაგეს,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, გრიგოლ ვოლსკის დამსახურება და კვალი საქართველოს ისტორიაში წარუშლელია და სასიხარულოა, რომ თბილისში მისი სახელობის ქუჩა გაიხსნა.

„მოხარული ვარ, რომ ასეთ ლამაზ ქუჩას ეწოდა გრიგოლ ვოლსკის სახელი. იგი ჩემი წინაპარია, იყო ილია ჭავჭავაძის უახლოესი მეგობარი და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული საქმის განვითარებაში, განსაკუთრებით აჭარაში, როდესაც სამშობლოს დაუბრუნდა ეს კუთხე. მთელ საქართველოს ეკუთვნის გრიგოლ ვოლსკი, რაც მან გააკეთა ქვეყნისათვის. ეს იყო ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიის იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანას საკმაოდ რთული დღეები ედგა,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.