ქარელში მდინარე სურამულაზე ახალი ხიდი აშენდება

454

ქარელში მდინარე სურამულაზე ახალი ხიდი აშენდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის სამინისტომ მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვია, რომ ხიდი დაზიანებულია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

7 მ სიგრძისა და 11 მ სიგანის ხიდის დაშლისა და ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის გასაცნობად მოსახლეობას საჯარო განხილვაზე იწვევენ. განხილვა ინტერნეტსივრცეში, ,,ზუმის” პლატფორმაზე მოხდება.

qartli.ge-მ მოიძია დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ახალი ხიდის მშენებლობა გადაწყდა. ხიდი, რომელიც მდინარე სურამულაზეა აშენებული, აგარა-ქვენატკოცას შორის მდებარეობს.

“ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი, როგორც სახელმწიფო ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. სატრანსპორტო სექტორის განვითარება და მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვი და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინფრასტრუქტურის ობიექტების სასწრაფო რეაბილიტაცია/მშენებლობა, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას,” – აღნიშნულია ანაგრიშში, რომლის გაცნობას მოსახლეობისთვის აპირებენ.

ხიდის მდგომარეობა 2 წლის წინ 2018 წლის თებერვალში, შეისწავლეს.

“საველე სამუშაოების დროს ადგილზე ვიზუალური დათვალიერებით სახიდე გადასასვლელზე აღმოჩენილი იქნა მრავალი დაზიანება და დეფექტი შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად, ღერძის უცვლელად აშენდეს ახალი სახიდე გადასასვლელი,” – აცხადებენ ექსპერტები.