კორძაია: არსებული რეალობის გამო, უკვე „წვრილმან” დევნად ფასდება კანდიდატების ბანერების დაზიანება

337

ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია, „ძალა ერთობაშიაში“ შემავალი პარტიები მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას” და მის მართულ ძალოვან უწყებებს იმოქმედონ კანონის ფარგლებში, აწარმოონ ობიექტური გამოძიება და უზრუნველყონ საარჩევნო კამპანიის მშვიდობიანი წარმართვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბლოკის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი უწყებების მიერ რეაგირება არ ხდება.

„ამ წუთებში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი დაზარალებულების მიმართ, რომლებიც ხელისუფლებამ ბრალდებულ პირებად წარმოუჩინა საზოგადოებას.

ორი კვირაა შეუჩერებლად მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დევნა, ცემა. წინა კვირა გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და შედეგი არის ის, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებიდან არც ერთი პირი არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისმგებლობაში მიცემული“, – განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, „სამწუხაროდ, არსებული რეალობის გამო, უკვე „წვრილმან” დევნად ფასდება კანდიდატების ბანერების დაზიანება, კერძო საკუთრებიდან წაღება, რაც დიდ ფინანსურ ზიანს აყენებს ჩვენი ბლოკის მაჟორიტარ კანდიდატებს“.