ძალადობა მარნეულში – გიორგი მუმლაძე დაზარალებულად სცნეს

523

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აქტივისტი გიორგი მუმლაძე მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე პოლიციამ დაზარალებულად სცნო. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.

დაკითხვიდან გამოსული მუმლაძე ამბობს, რომ  მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე – ამირან გიორგაძესთან ერთად, ძალადობის კიდევ ერთი მონაწილე- საუბნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი შუბითიძე ამოიცნო.

მუმლაძე ამბობს, რომ გამოძიება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს, რის გამოც ის პოლიციას არ ენდობა

“მცნეს დაზარალებულად, რის შედეგადაც მომეცა საშუალება, რომ გავცნობოდი, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ.

თავიდანვე ვამბობდი, რომ ზოგადად, გამოძიების მიმართ არ მქოდნა ნდობა, ვინაიდან სახეზე არის, ცალსახად, კონკტერულ ადამიანებზე ხელის დაფარების ფაქტი, თუნდაც მტკიცებულებებიდან ეს ჩანს. საქმეში არსებული მასალებიდან ჩანს მომენტი, როდესაც დაიწყო ჩემს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა და ეპიზოდის დასაწყისში ნათლად ჩანს ამირან გიორგაძე და კიდევ ჩვენ ამოვიცანით ერთი პიროვნება, გიორგი შუბითიძე ეს არის, მეორე გიორგი შუბითიძე, რომელიც არის კონკრეტულდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 27-ე უბანზე და მე პირაპირ ვამბობ, ამ ადამიანთან მიმართებაში მე მქონდა დაწერილი საჩივარი, რომ მას უნდა შეწყვეტოდა უფლება მოსილება კანონდარღვევის გამო და განვიხილავ ამ ფაქტს, როგორც გარკვეულწილად ჩემზე შურისძიებას”, – ამბობს მუმლაძე.

შეგხსენებთ, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აქტივისტი გიორგი მუმლაძე და “ენმ”-ს ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები, მამა-შვილი ქველაძეები. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ რამდენიმე პირი დააკავა. ასევე დაკავებულია გიორგი ქველაძე, რომელიც დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ელოდებოდა, თუმცა, ბრალი წაუყენეს.

დაპირისპირების ორგანიზებაში “ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.

ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბი”, რომელმაც მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან.