გაუქმებელი მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებს ახალი მუნიციპალიტეტები გადაიბარებენ, ხოლო 2017 წლის 31 დეკემბრამდე ეს მუნიციპალიტეტები შესაბამისი ა(ა)იპ-ების გაერთიანებას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში წერია.
ამავე დადგენილებით, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე, რომელიც ა(ა)იპ-ებს გადაცემული აქვთ სარგებლობის უფლებით, შესაბამისი უფლება გადაეცემა ა(ა)იპ-ების დამფუძნებლების უფლებამონაცვლე შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს.
სარგებლობის უფლების მიმართ ეს წესი მოქმედებს, თუ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებისთვის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
დადგენილება, ასევე, ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი მეწარმე იურიდიული პირის – მიპ-ის წილების გადაცემის წესს, რომლის მიხედვითაც, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი მიპ-ების წილებზე საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს. ამასთან, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე, რომელიც მიპ-ებს გადაცემული აქვთ სარგებლობის უფლებით, შესაბამისი უფლება გადაეცემა მიპ-ების წილზე საკუთრების უფლების მქონე შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს.
სარგებლობის უფლების მიმართ ეს წესი მოქმედებს, თუ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებისთვის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე დადგენილებით ახალშექმნილ მუნიციპალიტეტებს გაუქმებული მუნიციპალიტეტებს მოძრავი და უძრავი ქონება, ასევე, შესაბამისი დოკუმენტაცია გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 7 თვითმმართველი ქალაქი – თელავი, გორი, მცხეთა, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური გააუქმა და სათემო მუნიციპალიტეტებს შეუერთა. შესაბამისი დადგენილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გამოცხადების დღეს ამოქმედდა. პარალელურად, შესაბამისი ცვლილებები შევიდა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსშიც”.
ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია და მთავრობას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებდნენ. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე, არ იზიარებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც – ამ ქალაქების მერები და საკრებულოს წევრები. მათგან თელავის და მცხეთის საკრებულოებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეენარჩუნებინათ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, შვიდივე ქალაქის, ისევე, როგორც შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, საკრებულოს სხდომები პროტესტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.
ხელისუფლების ინიციატივას არ იზიარებდნენ, ასევე, ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა, საკანონმდებლო ორგანომ ვეტო დაძლია.
პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გასაუქმებელი ქალაქების წარმომადგენლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, თუმცა, სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა.