მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ლაშა ქველაძე დააკავეს. ამის შესახებ ქველაძის ადვოკატმა განაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაკავება 162-ე პრიმა მუხლით მოხდა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
“გამოძიება არის პოლიტიზირებული, “ქართული ოცნება” ოპონენტების დაკავებას ცდილობს, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე პირები დააკავოს, რომლებმაც ლაშა ქველაძეზე თავდასხმა და ძალადობა განახორციელეს”,- აღნიშნა მან.
ლაშა ქველაძე დღეს მარნეულის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. დაკავება სწორედ აღნიშნულის შემდეგ მოხდა.
საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირებას.
ცნობისთვის, 15:00 საათზე, შსს-ში ბრიფინგი გაიმართება. შსს-ს ინფორმაციით, ბრიფინგის თემა წინასაარჩევნოდ ბოლნისსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციის მიერ 4 პირის დაკავება იქნება.
დამატებითი დეტალები სწორედ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
შეგხსენებთ, რომ 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხდართან დაკავშირებით 3 ოქტრომბერს შს სამინისტრომ 2 პირი დააკავა.
დაპირისპირების ორგანიზებაში “ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.
ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.
ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.
მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბი”, რომელმაც მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან.